ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი იწყება
ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი იწყება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში მდებარე ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის დღევანდელი მდგომარეობა თანამედროვე სამუზეუმო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, კერძოდ, საექსპოზიციო სივრცეში ვერ ხერხდება კლიმატკონტროლისა და ტენიანობის რეჟიმის დაცვა, მუზეუმს არ გააჩნია სათანადოდ მოწყობილი ფონდსაცავები და ექსპოზიცია არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. მუზეუმის სრულფასოვნად ფუნქციონირების, კოლექციების დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელია შენობის თანამედროვე საინჟინრო-ტექნიკური სისტემებითა და დანადგარებით აღჭურვა.
დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს გათბობა-გაგრილების, ვენტილაცია-კონდიცირების, წყალმომარაგება-კანალიზაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონტაჟს. გარდა ამისა, მოწესრიგდება შენობის შიდა ელექტროქსელი და გაკეთდება გარე განათება.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დუბექსი“ შეასრულებს. მუზეუმის საინჟინრო კომუნიკაციების მოსაწყობად სააგენტოს მიერ გამოყოფილია 2 242 800 ლარი.
უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვის მიზნით 2023-2024 წელს სამჯერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, რომლებიც არ შედგა.
ინფორმაციისთვის: მუზეუმისა და მის ტერიტორიაზე არსებული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს. 2021-2022 წელს განახლდა მუზეუმის სარდაფის სართული, მეორე სართულის ფონდსაცავი, შენობის გარშემო ტერასა, პარაპეტი და კიბე. ასევე, მოეწყო ავტოსადგომი. აღნიშნული სამუშაოები დაფინანსდა სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტით-483 820 ლარით.
ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი განთავსებულია 1979 წელს აგებულ შენობაში. აქ დაცულია 11 000-ზე მეტი ექსპონატი. მათ შორის არის ნ. ფიროსმანაშვილის უნიკალური ფერწერული ტილოები, XX საუკუნის ქართველ მხატვართა ნამუშევრები, ფარდაგები, ეთნოგრაფიული კოლექცია, ხისა და კერამიკის ნიმუშები.