საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსაჯების დაკავების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შსს-ს მიერ მსაჯების დაკავების ფაქტს სპეციალური განცხადებით ეხმაურება. როგორც ფედერაციაში აცხადებენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელებს შორის რამდენიმე კვირის წინ შედგა შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი ჩაწყობილი მატჩების გამოძიებასთან დაკავშირებით.
ფეხბურთის ფედერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გაწეული სამუშაოსთვის და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.
“საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დიდი ხანია აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
წლის განმავლობაში, სფფ-მ ოფიციალური წერილით რამდენჯერმე მიმართა შსს-ს და სთხოვა უეფადან მიღებული ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში საეჭვო მატჩებთან დაკავშირებით.
რამდენიმე კვირის წინ, შედგა შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელებს შორის, სადაც კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი ჩაწყობილი მატჩების გამოძიებასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა საქმეში გასარკვევად ორ კვირიანი ვადა ითხოვეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს გაწეული სამუშაოსთვის და თანამშრომლობისთვის. გამოძიება გრძელდება და იმედი გვაქვს, ამ კორუფციულ გარიგებებში მონაწილე ყველა პირი და მხარე სათანადოდ აგებს პასუხს“, – აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მირ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე რვა პირი დააკავა. როგორც შსს-ში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი ქურდაძემ განაცხადა, დაკავებულები არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტის ეროვნული კატეგორიის არბიტრები – 1977 წელს დაბადებული ოთარ ხ., 1979 წელს დაბადებული ირაკლი უ., 1972 წელს დაბადებული მამუკა უ., 1975 წელს დაბადებული თეიმურაზ ხ., ასევე პირველი კატეგორიის არბიტრები, 1975 წელს დაბადებული ალექსანდრე გ., 1984 წელს დაბადებული ზვიად ა., ეროვნული კატეგორიის ასისტენტი, 1974 წელს დაბადებული ონისე მ. და “ფიფას” არბიტრი, 1986 წელს დაბადებული თორნიკე გ. დააკავეს.
მოგვიანებით უწყებამ მსაჯების დაკავების შესახებ ოპერატიულ მასალას გაავრცელა. ოპერატიულ მასალაში ჩანს, თუ როგორ აწყობენ თამაშების კორუფციული გარიგების სქემას არბიტრები. მასალაში ასევე ჩანს, რომ ბრალდებულები გარკვეული დაპირებების სანაცვლოდ, რომელიც შეეხება ბარათებისა და ჯარიმების რაოდენობას და თამაშის სხვა ეპიზოდებს, ფულს იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები