კახეთში მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

კახეთში 55 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ეხმაურება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, საინფორმაციო სააგენტოებმა და ადგილობრივმა ტელემედიამ ყვარელში მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად აფთიაქში მედიკამენტ ლაზიქსის გაუცემლობა დაასახელეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეისწავლა აღნიშნული შემთხვევა და გარდაცვლილის ოჯახის წევრები პაციენტის მხრიდან აფთიაქებისადმი მიმართვის ფაქტს არ ადასტურებენ.
სამინისტროს განმარტებით, როგორც ირკვევა, გარდაცვლილს გადატანილი ჰქონდა ინფარქტი, ინსულტი, აწუხებდა მესამე ხარისხის ჰიპერტენზია და ფილტვის უკმარისობა. პაციენტი 12 სექტემბერს იმყოფებოდა შპს „უნიმედი კახეთი- ყვარლის სამედიცინო ცენტრში“ და ექიმმა ირმა მირზიკაშვილმა მას გამოუწერა შემდეგი მედიკამენტები: დიგოქსინი, პანანგინი, ასპარკამი და ფუროსემიდი (ჯენერიკული დასახელებით) – იგივე ლაზიქსი (სავაჭრო დასახელებით). რეცეპტის არქონის შემთხვევაშიც აფთიაქი ვალდებული იყო პაციენტისთვის გადაუდებელი დახმარების ჩანთიდან მიეწოდებინა პრეპარატი ლაზიქსი.
„თუ ყველაფერი დაკავშირებულია გარკვეული მედიკამენტის გაუცემლობასთან, ეს არ არის კავშირში იმ ახალ რეგულაციებთან, რაც ჩვენ მივიღეთ, რადგან ახალი რეგულაციის მიხედვითაც კონკრეტული მედიკამენტი ურეცეპტოდ უნდა გაცემულიყო“, – განაცხადა სოფრომაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები