გიორგი გაბიტაშვილი და პროკურორები პატიმრობის მოთხოვნისა და დასაბუთების სტანდარტებზე ტრენინგს ესწრებიან

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი და პროკურორები დაკავებისა და პატიმრობის მოთხოვნისა და დასაბუთების სტანდარტებზე გამართულ ტრენინგს ესწრებიან. პროკურატურის ინფორმაციით, ტრენინგი დაბა კაჭრეთში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს. მისი მიზანია პროკურორთა სპეციალური ჯგუფის (ტრენერი პროკურორების) გადამზადება, რომლებიც, თავის მხრივ, აღნიშნულ საკითხებზე პროკურატურის სხვა თანამშრომლებს გადაამზადებენ. ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის ექსპერტები ჯერემი მაკბრაიდი და ნანა მჭედლიძე ქართველ პროკურორებს დაკავებისა და პატიმრობის მოთხოვნისა და დასაბუთების სტანდარტებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას გააცნობენ და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში დაგეგმილია დაკავებისა და პატიმრობის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების განხილვა, ამ მიმართულებით არსებული სასამართლო პრაქტიკის განზოგადება და რეკომენდაციების შემუშავება საპროცესო იძულების ღონისძიებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები