“კორონავირუსი ფიქსირდება, მომართვიანობა, ავადობის მაჩვენებლი გაზრდილი არაა” – ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსი ფიქსირდება. როგორც მან მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კლინიკებში მიმართვიანობა, ავადობის მაჩვენებლი გაზრდილი არაა.
“კოვიდტესტები იმ შემთხვევაში კეთდება, როდესაც პაციენტის მდგომარეობა ზუსტ იდენტიფიცირებას საჭიროებს – ეს არის გრიპი, კორონავირუსი, თუ სხვა ტიპის ვირუსული ინფექცია. ეს, ძირითადად, რა თქმა უნდა, სტაციონარებს ეხება. ჩვეულებრივ პირობებში შესაძლოა, მოქალაქემ თავად გადაწყვიტოს, ჩაიტაროს თუ არა ტესტი. აპრილის და მაისის განმავლობაში 5- კვირიანი პერიოდი გვქონდა, როცა ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსი არ ფიქსირდებოდა. ყველა დანარჩენი თვე , ბოლო 7-8 თვის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები არის. 22-ე კვირის სტატისტიკით, რასაც “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი” გვაძლევს, 2 %-ია, ცოტაა, მაგრამ კორონავირუსი მაინც ფიქსირდება. მომართვიანობა, ავადობის მაჩვენებლი გაზრდილი არაა. მაგრამ, ფაქტი, რომ კორონავირუსი არსად წასულა და ნამდვილად არის, ეს კიდევ ერთი მიმანიშნებელია იმისა, რომ ამ ვირუსს სეზონურობა ნაკლებად ახასიათებს. რაც შეეხება ახალი ტიპის კორონავირუსებს, ძირითადად, უკვე რამდენიმე წელია, მხოლოდ “ომიკრონი” ცირკულირებს. რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში ნახულობენ, ომიკრონის ქვევარიანტებია, მათ არ ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული უფრო მეტი გავრცელება, ან მეტი სიმძიმე. ეს არის ყველაზე მთავარი. რაც შეეხება იმას, დაფიქსირდა თუ არა საქართველოში ახალი ქვევარიანტები, “დაავადებათა კონტროლის ცენტრს” ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. სავარაუდოდ, ალბათ, საქართველოში ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება იყოს. შეიძლება შემოვიდეს, მაგრამ ეს გავლენას არ მოახდენს არც ავადობის მაჩვენებლის ზრდაზე და არ შეცვლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადების სიმძიმეს”, – განაცხადა ჩხაიძემ.