მაკა ბოჭორიშვილი – ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გადახედვაზე: ევროკავშირზე საკმაოდ მაღალი წარმოდგენა მაქვს – ვერ დავდებ ბრალს, რომ პარტნიორ ქვეყანასთან რუსული მეთოდების მსგავსად იმოქმედოს და დასჯის მეთოდებით ელაპარაკოს
ერთეულების პოზიციებს მნიშვნელობა არ აქვს – მე საკმაოდ მაღალი წარმოდგენა მაქვს ევროკავშირზე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ვიზალიბერალიზაციის პირობები შეიძლება გადაიხედოს.
როგორც ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, იმედი აქვს, რომ ევროკავშირი „რუსული მეთოდებით“ არ იხელმძღვანელებს და პარტნიორ ქვეყანას დასჯის მეთოდებით არ დაელაპარაკება.
„ელჩმა თქვა, რომ ეს საკითხი იქნება განხილული, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი საკითხი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან იყო დაყენებული განხილვების დროს, როგორც საქართველოს დასჯის ერთ-ერთი ინსტრუმენტი.
რატომ შეიძლება დასაჯო პოლიტიკოსი ან ქვეყანა იმისათვის, რომ მან მიიღო კანონი?! ერთეულების პოზიციებს აქ მნიშვნელობა არ აქვს – მე საკმაოდ მაღალი წარმოდგენა მაქვს ევროკავშირზე. ვერასდროს ვერ შევადარებ ევროკავშირს [რუსეთს] და ვერ დავდებ მას ბრალს, რომ ის თავში გაივლებს რუსული მეთოდების მსგავსად იმოქმედოს პარტნიორ ქვეყანასთან და დასჯის მეთოდებით ელაპარაკოს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი განხილვა თუ შედგება, ძალიან სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი იმისათვის, რომ ჩვენ, საქართველომ და ევროკავშირმა ერთად შევძლოთ მუშაობა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.