ხმაური პარლამენტთან – აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
პარლამენტის შენობასთან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა აქტივისტებმა ბელორუს ჟურნალისტს ტერიტორია დაატოვებინეს.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობა არ მისცა და განაცხადა, რომ ის მისთვის მიუღებელი პროპაგანდისტული შინაარსის ტექსტით საუბრობდა.
პოლიციამ ჟურნალისტი ადგილიდან გაიყვანა, აქციის მონაწილეები კი გააფრთხილა, რომ შეურაცხმყოფელი მიმართვებისგან თავი შეეკავებინათ, რასაც აქტივისტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
ადგილზე ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული.
ფოტო: IPN