“ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ” გადაწყვიტა, ივნისი შინაური ცხოველების რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის თვედ გამოაცხადოს” – მოქალაქეებს მხოლოდ ჩიპის თვითღირებულების გადახდა მოუწევთ
შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ხელმისაწვდომობის მიზნით ივნისში “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” მიერ ახალი კამპანია ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც მეპატრონეებს ცხოველების ჩიპირება და რეგისტრაცია დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მისამართზე შეუძლიათ.
ამის შესახებ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“როგორც იცით, ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილების მიხედვით, თბილისში შინაური ცხოველის ყველა მეპატრონე ვალდებულია, რომ ცხოველი ( ძაღლი, კატა) დაარეგისტრიროს და დაჩიპოს. იმისთვის, რომ თბილისელებისთვის ეს პროცედურა უფრო მეტად ხელმისაწვდომი, კომფორტული იყოს “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ” გადაწყვიტა, ივნისი რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის თვედ გამოაცხადოს, ამ ყველაფერს მეტი ყურადღება დაუთმოს. გადავწყვიტეთ, სხვადასხვა ლოკაციაზე ჩვენმა თანამშრომლებმა ძაღლები და კატები ადგილზე დაარეგისტრირონ, დაჩიპონ. მოქალაქეებს მხოლოდ ჩიპის თვითღირებულების გადახდა მოუწევთ, რაც 19 ლარია, ეს მინიმალური თანხაა, თუ შევადარებთ იმ ღირებულაბას, რაც სხვა დაწესებულებებშია, თუნდაც ვეტერინარულ კლინკებში. ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ თბილისელებს კომფორტი შევუქმნათ, რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ყველას მოვუწოდებ, ეს შესაძლებლობა გამოიყენონ. ეს ყველაფერი სავალდებულოა იმისთვის, რომ ქალაქში პოპულაციები ვმართოთ, მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა შევამციროთ. თუ ცხოველი რეგისტრირებული არაა, ამ შემთხვევაში თბილისის საკრებულოს დადგენილების, ასევე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის მიხედვით” მეპატრონის დაჯარიმება ხდება. ასევე როგორც მოგეხსენებათ, “შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ” კანონპროექტზე მუშაობა პარლამეტშიც აქტიურად მიმდიანარეობს და ამ კანონპროექტის მიხედვით, დაურეგისტრირებელი ცხოველის ყოლის შემთხვევაში სანქციები გაცილებით გამკაცრებული იქნება. ამჟამად ჯარიმა მხოლოდ 8 ლარია , განმეორების შემთხვევაში კი 50 ლარის ოდენობითაა” – განაცხადა კობიაშვილმა.
სააგენტოს ცნობით, შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სერვისი ცხოველების მეპატრონეებმა 2 და 4 ივნისს ვაკის პარკსა და ვარკეთილის ხევის პარკში უკვე მიიღეს.
ივნისში აღნიშნული სერვისის მიღებას მოქალაქეები შემდეგ მისამართებზე შეძლებენ:
9 ივნისი, 10:00-13:00 სთ – რიყის პარკი (ხიდზე ასასვლელთან)
11 ივნისი, 17:00-19:00 სთ – დედაენის ბაღი (სკეიტ პარკის მიმდებარედ)
16 ივნისი, 10:00-13:00 სთ – ვეტერანთა კულტურისა და დასვენების ბაღი ( იგივე კიკვიძის პარკი, ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან)
18 ივნისი, 17:00-19:00 სთ – მზიურის პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან)
23 ივნისი, 10:00-13:00 სთ. – დიღმის მასივი, ვლადიმირ მაიაკოვსკის პარკი (მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ)
25 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ. – გლდანის მე-6 მიკრორაიონი, მეშვიდე და მერვე კორპუსებს შორის არსებული პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან.)
ამასთან, გიორგი კობიაშვილის თქმით, ხალხმრავალ ადგილებში მონიტორინგი ხორციელდება იმასთან დაკავშირებით, იცავენ, თუ არა მოქალაქეები შინაური ცხოველების გასეირნების გამკაცრებულ წესს. როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებით სიტუაცია გაუმჯობესებულია, უკეთესი მდგომარეობაა.
“მონიტორინგის განხორციელება სხვადასხვა პარკში, ხალხმრავალ ადგილებში გრძელდება. სიტუაცია გაუმჯობესებულია, უკეთესი მდგომარეობაა, თუ შევადარებთ ადრეულ პერიოდს. მაგრამ, სამწუხაროდ, დარღვევების გამოვლენა ისევ გრძელდება, კანონდარღვევებს ვხვდებით ხოლმე. გასეირნების წესების მიხედვით სავალდებულოა, ძაღლი, ან ალიკაპით გავასეირნოთ, ან მხოლოდ საბელით. დარღვევის შემთხვევაში 150-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს, განმეორების შემთხვევაში კი 300 ლარიანი. სტატისტიკას რაც შეეხება – ამაზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ათეულ შემთხვევაზე საუბარი არ არის, გაცილებით მეტია” – განაცხადა კობიაშვილმა.