პრემიერის ანგარიში: თავდაცვის კოდექსის საფუძველზე შეიქმნა ერთიანი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის სამხედრო სამსახურს

საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერების, სამხედრო მრეწველობის განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის განმტკიცების მიმართულებით, – ამის შესახებ საუბარია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად დღეს გადაეგზავნა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2023 წელს მიღებული თავდაცვის კოდექსის საფუძველზე შეიქმნა ერთიანი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის სამხედრო სამსახურს.

„აწესებს სამხედროების სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანეს გარანტიებს, ქმნის თავდაცვის ორგანიზებისა და ნატოსთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ საფუძვლებს. დაიხვეწა თავდაცვის ორგანიზება, რომელიც ეფუძნება ტოტალური თავდაცვის მიდგომას, ეროვნული მედეგობის გაძლიერებას, ეროვნული წინააღმდეგობის ორგანიზებასა და ამოცანით მართვას, რომელთა განხორციელების გზები და პრინციპები აისახება ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალურ დოკუმენტებში/სამართლებრივ აქტებში.

თავდაცვის კოდექსით შეიქმნა რეზერვის მყარი საფუძველი, რაც ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო 2024 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს პირთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანასა და მის ორგანიზებას, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურსა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში პირთა გამოძახებასა და გაწვევას, ასევე სამხედრო სამსახურში რეკრუტირებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფას. ამასთან, ახლებურად დარეგულირდა სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლებელი გახდა სტუდენტების მიერ, ნებაყოფლობით, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა, შესაბამისი პირობებით. აგრეთვე შეიქმნა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისია და დამტკიცდა მისი საქმიანობის წესი.

ზემოაღნიშნულთან ერთად:

  • თავდაცვის კოდექსით გაუმჯობესდა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიები;
  • საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდა საბინაო პროგრამის განგრძობითობა;
  • გაიზარდა სამხედრო მოსამსახურის დაჭრა-დასახიჩრებისათვის ან დაღუპვისათვის დაწესებული საკომპენსაციო თანხის ოდენობა, რომელიც, დაჭრა-დასახიჩრების შემთხვევაში, 7 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრა 20 000 ლარით, ხოლო დაღუპვის შემთხვევაში − 15 000 ლარის ნაცვლად − 30 000 ლარით;
  • თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებზეც გავრცელდა სამხედრო მოსამსახურეებისთვის დადგენილი გარკვეული სოციალური გარანტიები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 28 ივნისს წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები