“გავა კიდევ დრო და უფრო მეტი გამოაშკარავდება და უფრო მეტს გაიგებს როგორც უკრაინული, ასევე, ქართული საზოგადოება, თუ რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დაჯგუფების რეალური მისია უკრაინაში”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.
როგორც თალაკვაძემ “იმედის კვირასთან” განაცხადა, მისთვის სამწუხაროა, რომ რასაც ისინი უკრაინელ მეგობრებს ეუბნებოდნენ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ჩინოვნიკებს ნიშნავდნენ თანამდებობებზე, ეს არამეგობრულად ჩათვალეს.
“მაშინ არანაირი გათვალისწინება, არანაირი მოსმენა ჩვენი რჩევებისა და ჩვენი განცხადებების არ იყო და ეს არამეგობრულადაც ჩათვალეს. თუმცა, არამეგობრული სწორედ ის იყო, როდესაც საქართველოში გასამართლებული პირები მაღალ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ იმის მიუხედავად, რომ ეს უკრაინელ ხალხს არ სურდა.
რაში სჭირდებოდათ? – ცხადია, ამას ხელშეწყობა ჰქონდა გარედან. აქ იყო კონკრეტული დავალება. ვინმეს ხომ არ გვაქვს ილუზია, რომ ეს უკრაინის პრეზიდენტის უდიდესი სურვილი იყო და ხალხის მოთხოვნა. ცხადია, ზეწოლაც იყო და სწორედ ამიტომ ვამბობ, გავა კიდევ დრო და უფრო მეტი გამოაშკარავდება და უფრო მეტს გაიგებს როგორც უკრაინული, ასევე ქართული საზოგადოება, თუ რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დაჯგუფების რეალური მისია უკრაინაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.