დავით უსუფაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უნგრელმა კოლეგამ, ეროვნული ასამბლეის სპიკერმა ლასლო კოვერმა მიიღო. შეხვედრაში საპარლამენტო დელეგაციის წევრები: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე კიღურაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი დავით ონოფრიშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი თინათინ ბოკუჩავა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ზაზა კანდელაკი მონაწილეობდნენ.
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობებზე როგორც საკომიტეტო, ასევე მეგობრობის ჯგუფების დონეზე ისაუბრეს. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ უნგრული მხარისგან საქართველოს პირველ რიგში პრაქტიკული რჩევები სჭირდება იმის თაობაზე, თუ როგორ განვითარდეს ქვეყანა ევროპისა და ნატოსკენ სავალ გზაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩატარებულმა ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენეს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის დონემ აიწია, რაც საქართველოს სრულ თავისუფლებას აძლევს, ევროპელ მეგობრებს დახმარებისთვის მიმართოს. ,,ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასა და ლონდონის ნატოს სამიტზე დიდ იმედებს ვამყარებთ. ამ მიმართულებებით რთული გზა გვაქვს გასავლელი და თქვენი პრაქტიკული რჩევები გვჭირდება“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა ლასლო კოვერმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ უნგრეთი საქართველოსთვის სტაბილური პარტნიორია და ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა არც მას შემდეგ შეიცვლება, რაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნგრეთში არჩევნები ჩატარდება.