ვიტალი გუგუჩია და მისი ოჯახის წევრები „პოსტვ“-ის გადამღებ ჯგუფს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
„გირჩის“ წევრი ვიტალი გუგუჩია და მისი ოჯახის წევრები „პოსტვ“-ის გადამღებ ჯგუფს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
როგორც „პოსტვ“-ის ჟურნალისტი, ნათია ბერიძე აცხადებს, მათი გადამღები ჯგუფი ზუგდიდის სოფელ კახათში, ვიტალი გუგუჩიასთან სახლში მივიდა, რათა მისგან მოესმინა განმარტებები, თუ რატომ დაესხა თავს ერთ-ერთ ქალბატონს.
მისივე განმარტებით, გუგუჩიამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ანგარიშსწორებითაც ემუქრებოდა. აღნიშნულ ფაქტს გუგუჩიას ოჯახის წევრებიც უყურებდნენ, მათ შორის მცირეწლოვანი შვილები.
„მითხრა ფეხებზე მკიდია ჩემმა შვილებმა ყველაფერი იციან და დიახ, უნდა უყურონ“, – განუცხადა ბერიძემ „იმედინიუსს“.
ჟურნალისტის თქმით, დაპირისპირების დროს გუგუჩიას დედა მის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდა, რის გამოც მკლავსა და კისერზე დაზიანებები აღენიშნება.
როგორც მან აღნიშნა, ამჟამად იგი იმყოფება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად და მომხდარს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.