შალვა პაპუაშვილი ეუთო/ოდირის დასკვნაზე: ბოლო-ბოლო არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი? მაინცდამაინც სააკაშვილის ადვოკატს რატომ უნდა დააწერინო დასკვნა?!
,,ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა?! ბოლო-ბოლო არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი? მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს რატომ უნდა დააწერინო დასკვნა?!”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მმართველ გუნდს კითხვის ნიშნები აქვს.
„რაც შეეხება ეუთო/ოდირის დასკვნას, ნახეთ, რომ მოკლე ვადაში დაიწერა ეს დასკვნა და ამ დასკვნის ერთ-ერთი და როგორც მე ვვარაუდობ, მთავარი ავტორი არის ადამიანი, რომელმაც ასევე დაწერა ევროსაბჭოს დასკვნა და რომელიც იმავე დროს, იყო მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში. ამტკიცებდა, რომ გირგვლიანის საქმე და ვალერი გელაშვილის ცემის საქმე არაფერი ყოფილა თურმე. ახლა ჩვენ გვიმტკიცებს დასკვნის საშუალებით, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა თურმე ცუდია. ჩვენ ჩვენი კითხვის ნიშნები გვაქვს ასეთ დასკვნებთან დაკავშირებით. ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა?! ბოლო-ბოლო არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი? მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს რატომ უნდა დააწერინო დასკვნა?! რადგან ეს ადამიანი იყო ერთადერთი ავტორი ევროსაბჭოს დასკვნის, დიდი ალბათობით, მთლიანად ამ ადამიანს მიანდეს და მისი ტექსტია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო/ოდირმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.