“თუ რომელიმე დამფინანსებელი უარს იტყვის პროექტების გაგრძელებაზე, ჩაითვლება, რომ მათ მართლაც ჰქონდათ სხვა ინტერესები” – არჩილ თალაკვაძე
“შემთხვევითი არ არის, რომ “ლელოს” ლიდერებითაა დაკომპლექტებული ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მმართველი საბჭო და არც ისაა შემთხვევითი, რომ საბჭოს წევრები წაშალეს ვებგვერდიდან მას შემდეგ, რაც ეს საკითხი საზოგადოებისა და ხელისუფლების ინტერესის საგანი გახდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ფონდ “ფეა თრიიზ”-ის შესახებ საუბრისას განაცხადა.
“ეს არის წინასწარ შემუშავებული გეგმა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვიდეს და თქვას, რომ, თითქოს, ის წყვეტს საქმიანობას, დაფინანსება შეუწყდა და აღარ აპირებს იმ სერვისებისა და პროექტების გაგრძელებას, რომელზეც ამტკიცებდნენ წინა დღეებში, რომ ეს იყო ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში.
რეალურად, ამ კანონს არანაირი წინააღმდეგობა არ შეუქმნია თუნდაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობისთვის, პირიქით – დადგინდა, რომ თურმე, მუნიციპალიტეტი აფინანსებდა ამ სერვისის შექმნას თავიდან ბოლომდე და არასამთავრობო ორგანიზაციას მხოლოდ მისი გამოყენება ევალებოდა.
თუ რომელიმე დამფინანსებელი უარს იტყვის პროექტების გაგრძელებაზე, პირდაპირ ჩაითვლება, რომ მათ მართლაც ჰქონდათ სხვა ინტერესები და ამ სერვისებსა და პროექტებს მხოლოდ გარე ჩარევის გადასაფარად ახორციელებდნენ. სხვანაირად, ასეთი ტიპის საბოტაჟი ვერ იქნება გაგებული,”- განაცხადა თალაკვაძემ.