“ბუნებრივია, რეზერვები იხარჯება, მაგრამ ის, რომ რეზერვები იცლება, ფუნდამენტურად არასწორია” – გიორგი აბაშიშვილი

“ბუნებრივია, რეზერვები იხარჯება, მაგრამ ის, რომ რეზერვები იცლება, ფუნდამენტურად არასწორია”,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა, ეკონომისტმა გიორგი აბაშიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აბაშიშვილი ეროვნული ბანკის მიერ გუშინ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციას გამოეხმაურა.

“ინტერვენციის თემა რაღაცნაირად სპეკულაციების საგანი ხდება ხოლმე, უნდა განახორციელოს, თუ არა ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია და უნდა დახარჯოს, თუ არა რეზერვი. პასუხი არის: რა თქმა უნდა კი, მაგრამ, ამ პასუხს მეორე ნაწილი აქვს – გააჩნია რა შემთხვევაში. ეს არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ეროვნულმა ბანკმა რეზერვები უნდა დახარჯოს. რეზერვი არის ის საშუალება, რომელიც გარკვეული ტიპის, თუნდაც მინი, მაგრამ კრიზისულ სიტუაციებში უნდა გამოვიყენოთ , რათა კრიზისი არ გამწვავდეს. ეს დააახლოებით დაავადების ადრეულ პერიოდში აღმოჩენას ჰგავს. ეროვნული ბანკის მხრიდან რეზერვების ხარჯვა ასეთ ვითარებაში სწორია. ეროვნულმა ბანკმა ამავდროულად დაადასტურა ზოგადად რეზერვების მართვის როგორი პოლიტიკა აქვს. რომ ვხედავდეთ, რომ ეროვნულ ბანკს რეზერვების მართვის პოლიტიკა არ აქვს , უბრალოდ კრიზისულ სიტუაციაში გამოდის და ხარჯავს , მაშინ ბევრი კითხვის ნიშანი იქნებოდა, მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა დაადასტურა, რომ ძალიან გონივრული მართვის პოლიტიკა აქვს. საჭირო დროს საჭირო რაოდენობის რეზერვებს აგროვებს, როდესაც სჭირდება, ხარჯავს. რეზერვი არის საშუალება, რომელიც სიტუაციის სწორად და სტაბილურად მართვის პირობებში უნდა გამოიყენო. ასე რომ, ეროვნული ბანკის მხრიდან რეზერვების გამოყენება სწორია.
თუ არ მეშლება, 280 მილიონზე მეტი იყო, რაც მანამდე ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა.
დღეს რეზერვები ერთ-ერთ გამოკვეთილად მაღალ მაჩვენებელზეა. თუნდაც ამ წლის ბალანსიც კი რომ ავიღოთ, შეფარდება ძალიან მაღალია , რეზერვები ვიდრე დაგროვებული იყო და ვიდრე რეალურად მისი ხარჯვა მოხდა. ბუნებრივია, რეზერვები იხარჯება, მაგრამ ის, რომ რეზერვები იცლება, ფუნდამენტურად არასწორია. გუშინ ეროვნულ ბანკს უნდოდა არა 48 700 000 მლნ აშშ დოლარის , არამედ 60-ის გაყიდვა. მიწოდება მეტი იყო , ეროვნული ბანკი მზად იყო, მეტიც გაეყიდა, მაგრამ ბაზარმა ვერ აითვისა” – განაცხადა აბაშიშვილმა.
ცნობისთვის, 28 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 60 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები