“არასერიოზულია, დამოუკიდებელ, თუნდაც პატარა ქვეყანას დაემუქრო სანქციებით იმიტომ, რომ მან ჩათვალა – რაღაც ტიპის საკანონმდებლო რეგულაცია უნდა მიიღოს” – კახა კახიშვილი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა “ქრონიკაში” აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ დაანონსებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ეს იყო პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მიზნით გაკეთებული განცხადებები.
„რაც შეეხება სანქციებთან დაკავშირებულ საუბარს, ვფიქრობ, რომ ეს იყო პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მიზნით გაკეთებული განცხადებები. ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ არასერიოზულია, დამოუკიდებელ, თუნდაც, პატარა ქვეყანას დაემუქრო სანქციებით მხოლოდ იმიტომ, რომ მან ჩათვალა, რომ რაღაც ტიპის საკანონმდებლო რეგულაცია უნდა მიიღოს. აქ ხომ არ არის მხოლოდ საქართველოს და დასავლეთის ურთიერთობა, ამ ურთიერთობას უყურებს ძალიან ბევრი სხვა ქვეყანა და ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველო მართალია, პატარა ქვეყანაა, მაგრამ ძალიან სერიოზული სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდა და აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ყველა ამას უყურებს, რომ აი, ნახეთ, რას უშვრებიან იმ ქვეყანას, რომელსაც ჰქონდა სტრატეგიული ურთიერთობა, არაერთ საერთაშორისო მისიაში მიიღო მონაწილეობა, ყველანაირად მხარს უჭერდა ყველა საერთაშორისო ასპარეზზე ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას და უცბად ერთი კანონპროექტის გამო ფაქტობრივად, მზად არიან გაწყვიტონ ქვეყანასთან ურთიერთობა”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.