ირაკლი ქარქაშაძე თელავში 26 მაისისთვის დაგეგმილ ზეიმზე: გვინდა, ხვალინდელი დღით უფრო ახლოს გავიცნოთ კახელები და გავუზიაროთ ქართული ავიაცია, რომელიც ჩვენ – ავიატორებს გვაერთიანებს

გვინდა, რომ ხვალინდელი დღით უფრო ახლოს გავიცნოთ კახელები და გავუზიაროთ ქართული ავიაცია, რომელიც ჩვენ – ავიატორებს გვაერთიანებს, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ თელავში, დამოუკიდებლობის დღისთვის დაგეგმილ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ამ დროისთვის თელავში ღონისძიების მზადების საფინალო სამუშაოები მიმდინარეობს. მან ასევე აღნიშნა, რომ სანახაობის ერთ-ერთი კომპონენტი იქნება თელავის აეროპორტის კონცეფცია, რომლის მშენებლობაც რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს.

“ის კონცეფცია, როგორიც იქნება თელავის აეროპორტი, გავაცოცხლეთ და მცირედი მაკეტი გვაქვს წარმოდგენილი. ასევე წარმოდგენილი გვექნება სხვადასხვა შემეცნებითი ლოკაცია, რეალური საჰაერო ხომალდი, ხელნაკეთი დრონები. გვინდა, რომ ხვალინდელი დღით გავიცნოთ კახელები, თელაველები უფრო ახლოს და გავაზიაროთ ის ქართული ავიაცია, რომელიც ჩვენ – ავიატორებს გვაერთიანებს”, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

თელავის აეროპორტთან დაკავშირებით კი საუბრისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი ქართული აეროპორტი.

“ჩვენთვის ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რამდენიმე თვეში თელავის აეროპორტის სამშენებლო პროცესს დავიწყებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში შემოვალთ, როგორც აეროპორტის ოპერატორები, გვექნება კიდევ ერთი ძალიან ლამაზი ქართული აეროპორტი იქიდან გამომდინარე, რომ როგორც პროექტანტი, ასევე იმედი, მაქვს, რომ სამშენებლო კომპანიაც იქნება ქართული და ოპერატორებიც ჩვენ ვიქნებით. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელმაც აეროპორტის კონცეფციაზე იმუშავა”, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები