რატი იონათამიშვილი: თუ ვენეციის კომისიის მხრიდან იქნება სამართლებრივი რეკომენდაციები და ეს იქნება შინაარსობრივი მსჯელობის საგანი, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ, ოღონდ განხილვა მოხდება ჩვენი საზოგადოების ჩართულობით

“თუ ვენეციის კომისიის მხრიდან იქნება სამართლებრივი რეკომენდაციები და ეს იქნება შინაარსობრივი მსჯელობის საგანი, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ეს განვიხილოთ, ოღონდ ეს განხილვა მოხდება ღიაობის პრინციპის დაცვით, ანუ ჩვენი საზოგადოების ჩართულობით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, გამჭვირვალობა როგორც გამოწვევა – ყველა ქვეყნის წინაშე დგას.

„ფაქტია, რომ ყველა ქვეყნის და დემოკრატიის წინაშე დგას გამჭვირვალობა, როგორც გამოწვევა. ამის აიხსნება ის, რომ აქტიური მუშაობა არის საფრანგეთში, კანადაში, ევროკავშირის 12 დეკემბრის დირექტივაც ამას ადასტურებს. ეს გამოწვევა დგას ჩვენთანაც და ეს გამოწვევა რეალურია. ცალკეული ადამიანების მხრიდან ბოროტად ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენება და მივიღეთ, ისეთი პოლიტიზებული „ენჯეოები“, რომლებსაც არანაირი ნდობა არ გააჩნიათ.

გამჭვირვალობის საკითხი, რომელსაც აქვს ერთადერთი ვალდებულება – დეკლარაციის შევსება, და ერთადერთი მიზანი – მოქალაქის ინფორმირებულობა – ეს არის ყველაზე ლიბერალური და ლმობიერი გამოსავალი ამ საკითხთან მიმართებით. ამ ინიციატივის ინიცირების დღიდან მზად ვართ შინაარსობრივი განხილვისთვის და იმისთვის, თუ იქნება სამართლებრივი არგუმენტები გამოთქმული, ჩვენ ეს საზოგადოებასთან ერთად განვიხილოთ. ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა. თუ ვენეციის კომისიის მხრიდან იქნება სამართლებრივი რეკომენდაციები და ეს იქნება შინაარსობრივი მსჯელობის საგანი, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ეს განვიხილოთ, ოღონდ ეს განხილვა მოხდება ღიაობის პრინციპის დაცვით, ანუ ჩვენი საზოგადოების ჩართულობით და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად. ეს არის მთავარი პრინციპი და ამოსავალი ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ ველოდებით – კონკრეტულად რა ჩაიწერება, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. გამოცდილება გვკარნახობს, რომ ყოფილა როგორც საინტერესო შემოთავაზებები ვენეციის კომისიის მხრიდან, ასევე ისეთი შემოთავაზებები, რომლებიც ერთმანეთის გამომრიცხავი იყო. ამიტომ უნდა დაველოდოთ ამას და საზოგადოებასთან ერთად არგუმენტირებულად გავაგრძელოთ მსჯელობა ამ საკითხზე“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები