თეა წულუკიანი ხელბურთში საქართველო-ავსტრიის მატჩს დაესწრო

ისტორიაში პირველად, საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში ასპარეზობს. ქართველმა ხელბურთელებმა პირველ შეხვედრაში ავსტრიელებს „თბილისის არენაზე“ უმასპინძლეს და დაძაბული მატჩი ანგარიშით 25:27 დათმეს. საპასუხო შეხვედრა 12 მაისს ვენაში გაიმართება და ორი მატჩის შედეგებით გამარჯვებული ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზებს.

მატჩს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი მეძმარიაშვილი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი ესწრებოდნენ.

ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში თამაშის უფლება ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ხელბურთელებმა ისტორიაში პირველად იასპარეზეს. გერმანიაში გამართულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ისტორიული გამარჯვება ბოლო ტურის მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ მოიპოვა, ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქეს ანგარიშით 22:19 სძლია.

2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს ხელბურთში სამი ქვეყანა – ხორვატია, დანია და ნორვეგია -უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობა მომავალ წელს, 14 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, გაიმართება.

საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებები ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ. აქედან ერთი მატჩი საქართველოს გამარჯვებით, ოთხი შეხვედრა კი ავსტრიელების მოგებით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები