რატი იონათამიშვილი – ოპოზიციას: ნუ იქნებით არშემდგარი კიტოვანები

“თქვენ ნუ ახალისებთ ძალადობას. ნუ ეთამაშებით ჩვენი ქვეყნის ბედს, ძალიან მძიმედ დაგიმთავრდებათ. ნუ იქნებით არშემდგარი კიტოვანები”, – ასე მიმართა მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ძალადობას აპროტესტებენ ის ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში ახალისებდნენ ძალადობას.

„რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალიან სამწუხაროა ნებისმიერი დაზიანებული ადამიანის ხილვა, ამაში ორი აზრი არ შეიძლება იყოს, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ დღეს ძალადობას აპროტესტებენ და ძალადობაზე საუბრობენ ის ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში ახალისებდნენ ძალადობას. ეს არის სიმართლე. ისიც აღსანიშნავია, რომ დღეების განმავლობაში სამართალდამცველების მიმართ ის უშვერი სიტყვები, შეურაცხყოფა რაც ხდებოდა, ქვეყნის და ბოთლების სროლა, ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია, რომლის პასუხისმგებლობასაც ორგანიზატორები ვერ და არ უნდა გაექცნენ. ჩემი ინფორმაციით 11 ადამიანი დაშავდა გუშინ. აქედან არის 6 სამართალდამცველი. ნებისმიერ გადაცდომაზეც იქნება რეაგირება და ნებისმიერ პროვოკაციაზეც იქნება შესაბამისი რეაგირება. თქვენ ნუ ახალისებთ ძალადობას! ნუ ეთამაშებით ჩვენი ქვეყნის ბედს! ძალიან მძიმედ დაგიმთავრდებათ! არ გაპატიებთ ჩვენი საზოგადოება ამ ქვეყნის ბედზე თამაშს და ნუ ეთამაშებით! ნუ იქნებით არშემდგარი კიტოვანები! როგორც კიტოვანები ვერ შედგებით, მაგრამ არშემდგარი კოლექტიური კიტოვანები ნუ გახდებით. ჩემი რჩევაა ეს, ისტორიაში კიტოვანის სახელით ნუ შეხვალთ,“ – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები