გივი მიქანაძე: ევროკომისიის გენერალურ დირექტორთან ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, მას გაუზიაროს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ ევროინტეგრაციის გზაზე

ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი საქართველოს დღეს ეწვევა. ის საქართველოში სომხეთიდან ჩამოდის.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილავენ იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა.

“ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, უშუალოდ, გაუზიაროს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვდგამთ ევროინტეგრაციის გზაზე. გვექნება მოლაპარაკებები, რაც კიდევ ერთხელ იქნება დამატებითი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველომ გაიმყაროს ის პოზიციები, რომელიც ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ევროკომისიის გენერალური დირექტორის ხერტ იან კოოპმანის შეხვედრები დაგეგმილია როგორც საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან, ისე – ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

კოოპმანი შეხვედრებზე ერთ-ერთ აქცენტს “გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები