მისი თქმით, დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოება არის ქვეყნის ხმა,
„ქვეყნის სტაბილურობისთვის ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ – ერმა, ბერმა, მთლიანად საზოგადოებამ. ექსკლუზივი არ უნდა აიღოს ერთმა მცირე ჯგუფმა და არ უნდა დაირქვას ერის ხმა, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და სარისკოა ქვეყნის მომავლისათვის. ენა, მამული და სარწმუნოება ეს არის სამი მცნება, რომლის ერთმანეთისგან დაცალკევება არ შეიძლება. ის, რაც დღეს რუსთაველის გამზირზე ხდება არის ერის ხმა, რომელიც არ ტოვებს სპეკულაციის სივრცეს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ქვეყნის შიგნით სურვილი აქვთ, რომ მცირე ჯგუფები წარმოადგინონ უმრავლესობად, რასაც ქვეყნის გარედან უწყობენ ხელს.
დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოება არის ქვეყნის ხმა, ეს არის ჯანსაღი საზოგადოების ის უდიდესი ნაწილი, რომელსაც ქვეყნის ბედი ბარდება. მე მახსენდება 2012 წელი, როდესაც საქართველოში საჭირო იყო ერთიანი საზოგადოების ხმა, დღეს კი ამის საჭიროება მეორედ დადგა. ქვეყანაში, სადაც სუვერენიტეტი გასხვისდება მცირე ან დიდ ფულზე, ან რომელიმე ჯგუფი აიღებს ექსკლუზიურ უფლებას, თითქოს მხოლოდ ის არის მოსურნე ევროპისა და ამისთვის დადგება ცალ ფეხზე, გაყიდის სუვერენიტეტს და ღირსებას, ეს მიუღებელია.
როდესაც საქართველოს მოქალაქეების ღირსებაზე ვინმე ფეხით შედგომას დააპირებს, რეაქცია ყოველთვის ასეთი იქნება. მე იმედი მაქვს, რომ ამის საჭიროება აღარ დადგება. ბოლო პერიოდში რამდენიმე მცდელობა იყო რევოლუციის მოხდენის. საზოგადოება გამოიყვანეს ამ გამზირზე კითხვით – სურთ თუ არა მათ ევროპა? ეს კითხვა საქართველოში არ არსებობს. საზოგადოება, რომელიც დღეს აქ დგას, საკუთარ ხმას აგონებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მყოფთ, რომ მათ სურთ ევროპა, მხოლოდ ღირსეულად და არა სუვერენიტეტის გაყიდვით.
ვფიქრობ, რომ ამ საზოგადოებას ანგარიში უნდა გაუწიონ, აქაურმა მცირე დესტრუქციულმა ჯგუფებმა და გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებმაც, რომელთაც საქართველოს ბედი არ აინტერესებთ და მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ. არ ველოდები, რომ დასავლეთიდან დღევანდელი დღის შემდეგ სხვა განცხადებები გაკეთდება, დასავლეთს, ამის გამბედაობა უნდა ჰქონდეს. ისინი არ არიან მზად, მათ ხელიდან გაუშვეს ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები. ჩვენ კი კუბილიუსის ჭკუაზე ჩვენი ქვეყნის ბედს არ დავგეგმავთ. საზოგადოებას სიმშვიდე სჭირდება. საზოგადოებას ყელში ამოუვიდა ამდენი დესტრუქციის ყურება, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი რომ „ვივამედშია” მოთავსებული, როდესაც იგი დღეს თავადვე აღიარებს, რომ განიკურნა, არადა დემენცია არ იკურნება.” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.