„ვგმობთ ბოლო დღეებში, რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილ ძალადობას“ – საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია გმობს ბოლო დღეებში, რამდენიმე მედიასაშუალების („საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „პოსტ-ტვ“,) ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილ ძალადობას!

ფედერაცია პოლიტიკოსებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ჟურნალისტების ინსტრუმენტალიზაცია და პროტესტის გამოხატვის დროს მაქსიმალურად უზრუნველყონ საკუთარი მომხრეებისგან მედიის წარმომადგენლების დაცვა!

„სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან დღემდე, უკვე სამ ათეულ წელზე მეტია, ჟურნალისტები ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის სამიზნეები არიან.

2003-2012 წლებში, არა მხოლოდ ცალკეული აგრესიული დაჯგუფებები, არამედ თავად ხელისუფლება იქცა მოძალადედ და რამდენიმე მედიასაშუალების დახურვას, გამომცემლობა „სამშობლოდან“ ათეულობით ჟურნალ-გაზეთის რედაქციის გამოყრას, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა-მიტაცებასა და ფოტორეპორტიორების დაპატიმრებასაც არ მოერიდა.

ამ ფონზე, როცა პოლიტიკური პოლარიზაცია უკიდურეს ზღვარს აღწევს, ჟურნალისტებიც დაპირისპირების უშუალო მონაწილეებად იქცნენ და ხშირად, საზოგადოებაც ჟურნალისტებს არა ინფორმაციის, არამედ დეზინფორმაციის გამავრცელებლებად აღიქვამს. ცალკეულ შემთხვევებში ეს აგრესია სწორედ პოლიტიკოსების მიერ იმართება და, შესაბამისად, სერიოზული პრობლემაა ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია გმობს ბოლო დღეებში, რამდენიმე მედიასაშუალების („საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „პოსტ-ტვ“,) ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილ ძალადობას!

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობა არ დაუგმია საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს!

არადა, ის უპირველესად უნდა იყოს თითოეული მოქალაქის, და მით უფრო – ჟურნალისტების უსაფრთხოების გარანტი!

ვგმობთ ნებისმიერი ფორმით – ვერბალურ თუ ფიზიკურ ძალადობას, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, და პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ჟურნალისტების ინსტრუმენტალიზაცია და პროტესტის გამოხატვის დროს მაქსიმალურად უზრუნველყონ საკუთარი მომხრეებისგან მედიის წარმომადგენლების დაცვა!“, – ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის განცხადებაში.

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე: გიორგი მამაცაშვილი.

პრეზიდიუმის წევრები: ლაშა ნადარეიშვილი, ნანა დევდარიანი, ბონდო მძინარაშვილი, არჩილ გოგელია, აკაკი სიხარულიძე, ნანა ლომაია, გოჩა ხუნდაძე, ჯაბა ხუბუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები