ვენაში ქართული ფილმების რეტროსპექტივა გაიხსნა
11 აპრილს ვენაში, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ავსტრიის ფილმების არქივთან თანამშრომლობით, გაიხსნა ქართული ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინემატოგრაფიის განვითარების გზას გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან 90-იანი წლების პირველი ნახევრის ჩათვლით, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე პირველ ნაბიჯებს დგამდა ახალი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეტროსპექტივა თვეზე მეტხანს, 15 მაისამდე გრძელდება და მაყურებელს ძალზე მოცულობით პროგრამას სთავაზობს – ნაჩვენები იქნება ქართული კინოს 22-მდე შედევრი, მათ შორის „მონანიება“, „ნატვრის ხე“, „ფიროსმანი“ და ა.შ. აღდგენილი ფილმები ქართულ ენაზე და გერმანული სუბტიტრებით მოგვაწოდა ბერლინის კინოფილმების ინსტიტუტმა „Arsenal“, სადაც ქართული ფილმების ერთ-ერთი ყველაზე დიდი არქივია დაცული.
„ქართული ფილმების რეტროსპექტივა ვენის ცენტრალურ ნაწილში მდებარე Kino Kulturhaus-ის ისტორიულ დარბაზში გახსნა რეტროსპექტივის კურატორმა ფლორიან ვიდეგერმა, ავსტრიის ფილმების არქივის პროგრამების ხელმძღვანელმა. შეკრებილ საზოგადოებას, კერძოდ, ავსტრიის კულტურისა და ხელოვნების სფეროს, სახელმწიფო უწყებების, ისევე როგორც ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიესალმა საქართველოს ელჩი ავსტრიაში ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც ავსტრიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და ქართული კულტურის შემდგომი პოპულარიზაციის თვალსაზრისით ამ ღონისძიების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა თანაორგანიზატორებს. ქართული კინოს რეტროსპექტივის გახსნას ასევე ესწრებოდა ავსტრიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე.
რეტროსპექტივის შესავალი ნაწილის შემდეგ წარმოდგენილ იქნა რეჟისორ ლანა ღოღობერიძის მხატვრული ფილმი „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“. კინოჩვენების შემდეგ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.
ვენაში ორგანიზებული ქართული კინოს რეტროსპექტივა, ჯერ კიდევ მის დაწყებამდე, ფართოდ გაშუქდა ავსტრიის მასმედიით, მათ შორის გაზეთ Falter-ში გამოქვეყნებული სტატიით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.