როგორია ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარი აფეთქებისას დაშავებულების მდგომარეობა – გუგა ქაშიბაძის კომენტარი
ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული 59 წლის კაცი ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება.
ექიმების შეფასებით, მას საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს, თუმცა, მდგომარეობა სტაბილურია.
ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული კიდევ 2 დაზარალებული – 30 და 39 წლის მამაკაცები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორ გუგა ქაშიბაძის განცხადებით, 59 წლის მამაკაცი დამწვრობით შოკის მდგომარეობაში იმყოფება.
“ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. ყველაზე მძიმე პაციენტი, 59 წლის კაცი ისევ რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება, კვლავ დამწვრობით შოკის მდგომარეობაში, თუმცა, ამ ეტაპისთვის მდგომარეობა არის სტაბილური. დანარჩენი 2 პაციენტი არის მოთავსებული დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში. მათი მდგომარეობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს ჯერჯერობით,” – აცხადებს გუგა ქაშიბაძე “კურიერთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, გუშინ ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა 3 პირი.