პრეზიდენტი: უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ყველა ხარვეზი უნდა გამოსწორდეს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარესთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ყველა ხარვეზი უნდა გამოსწორდეს.
პრეზიდენტის თქმით, დიასპორის მხრიდან არსებობს მზაობა, რომ მათ სარგებლობაში არსებული ფართები საარჩევნოდ იქნეს გამოყენებული.
„მთელი პროცესი დაკავშირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან. საკონსულოებში ტარდება რეგისტრაცია, რაც არის წინაპირობა, რომ მოთხოვნა იყოს უბნის გახსნის შესახებ. საკონსულოებიდან საგარეოს უნდა გადაეცეს ინფორმაცია უბნების გახსნის თაობაზე, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადასცეს ცესკო-ს. ეს არის პირველი ეტაპი. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ ჩატარდეს საარჩევნო და სარეგისტრაციო კამპანია, საინფორმაციო კამპანია განთავსდეს საელჩოების საიტებზე. გადავხედეთ და ამ კუთხით ჯერ არაფერი გაკეთებული არ არის. ყველამ ვიცით, რომ რეგისტრაცია მნიშვნელოვანია ახლა და არა ოთხ-ხუთ თვეში. ვიდრე დრო არის, ეს უნდა გამოსწორდეს. დღევანდელი შეხვედრის მიზანია, მაქსიმალურად ყველა ხარვეზი გამოსწორდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონის თანახმად, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, საკონსულო აღრიცხვაზე თუ არიან და 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, მოითხოვონ და გაიხსნას საარჩევნო უბანი. მეორე მხრივ, ოფიციალურად გვეუბნებიან პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვა აცხადებს, რომ ვერ და არ შეასრულებენ ამ კანონს. იმას კი არ გვეუბნებიან, რომ რამდენი უბანიც შესაძლებელი იქნება, იმდენს გავხსნითო, კატეგორიულად არის გაცხადებული, რომ შეუძლებელიაო. ხან ამბობენ, რესურსები არ გვაქვსო, ხან ყველა პადიეზდში არ გავხსნითო, რაც ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ტერმინებია. არანაირი პასუხი არ არის გაცემული, რა შეიძლება გაკეთდეს.
ჩვენ მომავალ კვირას კიდევ გვექნება შეხვედრა ელჩებთან და საკითხი შეიძლება მოგვარდეს, რადგან, რამდენადაც ვიცი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა გამოაცხადეს მზადყოფნა. თუ ასე არ არის, მზად ვარ, მოვისმინო შესწორება. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი საუბარი არ ყოფილა აქ მყოფ ელჩებთან, რათა ამ საკითხმა წინ წაიწიოს და მოვნახოთ გზები. ეს არის სრულიად შესაძლებელი. ამისი მაგალითი არსებობს ძალიან ახლოს ჩვენთან – მოლდოვამ ჩაატარა არჩევნები და 150 საარჩევნო უბანი გახსნა არჩევნებისთვის. მოლდოვას თუ შეუძლია, ალბათ ჩვენც შეგვიძლია და რატომ ვამბობთ, რომ ამისი რესურსები არ გვაქვს. გასულ შეხვედრაზე განცხადება მოვისმინე ცესკო-სგან, რომ გვაქვს რესურსები დამატებითი უბნების გასახსნელად, თუ მივიღებთ ინფორმაციას საგარეოსგანო. ამიტომ ვამბობ, რომ ერთგვარი პინგ-პონგია დაწყებული – საგარეოსგან თუ მივიღებთ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში შეგვიძლია, დავიწყოთ მუშაობა უბნების გახსნაზეო.
სხვადასხვა ქალაქში, სადაც ვიცით, რომ დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, არის სივრცეები – ეკლესია, საკვირაო სკოლები და სხვადასხვა ფართი, რასაც იყენებენ დიასპორული ორგანიზაციები და აცხადებენ, მზად ვართ, ეს ფართი დავუთმოთ საარჩევნოდ ან ვიმუშაოთ, რომ ქალაქში, სადაც ვცხოვრობთ, ასეთი სივრცე მოვიპოვოთო. არსებობს პრაქტიკაც მოლდოვის მაგალითზე, როცა პარტნიორი ქვეყნები ჩვენს სასარგებლოდ გვთავაზობენ სივრცეებს, ფართებს საარჩევნო პერიოდისთვის. ასე რომ, ძალიან ბევრი გამოსავალია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.