საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, არგენტინის საგარეო უწყებაში 1919 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული დეკრეტი გამოფინეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის არგენტინის რესპუბლიკაში ვიზიტის აღსანიშნავად, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოფინეს ისტორიული დეკრეტი, რომლითაც 1919 წელს არგენტინის პრეზიდენტი, იპოლიტო ორიგოიენი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს.

ისტორიულ დეკრეტთან ერთად, საგარეო უწყებაში ასევე წარმოდგენილი იყო იმ პერიოდის ოფიციალური მიმოწერა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და არგენტინას შორის. არგენტინელმა კოლეგამ, დიანა მონდინომ, ილია დარჩიაშვილს ამ ისტორიული დოკუმენტების ასლები უსახსოვრა.

როგორც მინისტრმა მონდინომ აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირები და ის, რომ არგენტინამ თავის დროზე აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ფასეული და ღირებულია თავად არგენტინისთვის, რომელიც ერთგული იყო და რჩება ამ ღირებულებების.

თავის მხრივ, ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას იმ ისტორიული დოკუმენტების გაზიარებისთვის, რომლებიც უდავოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ისტორიისთვის და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველო- არგენტინის ისტორიულ მეგობრობასა და კავშირებს.

როგორც ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, მიუხედავად გეოგრაფიული მანძილისა, საქართველო და არგენტინა ერთიანი ღირებულებების მტკიცე ფესვებით არიან დაკავშირებული და დინამიკურად ავითარებენ კავშირებს.

აღსანიშნავია, რომ არგენტინა გახლდათ რეგიონის პირველი ქვეყანა, რომელმაც 1919 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები