იტალიის ელჩმა და განათლების მინისტრმა განათლების სფეროში იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს

იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონომსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვარს შორის შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს იტალიასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა განათლების სფეროში და სამომავლო ერთობლივი პროექტები; ქართული და იტალიური უწყებების ნაყოფიერი თანამშრომლობა სასკოლო განათლების დარგში, რომლის წყალობით ამჟამად იტალიურ ენას საქართველოს 60 საჯარო და კერძო სკოლის 8000-ზე მეტი მოსწავლე ეუფლება.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს მასწავლებელთა საგამოცდო სქემაში იტალიური ენის საგნობრივი გამოცდის ჩართვაზე, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იტალიური ენის სწავლების გაძლიერებასა და სასტიპენდიო პროგრამებზე, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს ქართველ სტუდენტებს სწავლა იტალიის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები