მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი

7 წელი გავიდა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებიდან ევროკავშირთან და ისეთი პერიოდია უკვე, თითქოს დავიწყებას მიეცა, თუ რა იყო მანამდე, რა ძალისხმევა სჭირდებოდათ საქართველოს მოქალაქეებს იმისთვის, რომ უბრალოდ ემოგზაურათ ევროკავშირის ქვეყნებში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა

მისი თქმით, ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია.

„დღეს ის სიკეთე, რომლითაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია სარგებლობა, არის მოცემულობა. სინამდვილეში ამ მოცემულობის უკან იყო ხელისუფლების ძალიან დიდი შრომა და ეს არ უნდა დავივიწყოთ. რამხელა ეტაპი გაიარა საქართველომ იმისთვის, რომ მისულიყო იმ შედეგამდე, რომელიც დღემდე ითვლება, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებში ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია და რამხელა ძალისხმევა ჩაიდო იმ რეფორმებში, რაც საჭირო იყო ამ შედეგის დადგომისთვის, სხვადასხვა მიმართულებით. ძალიან ბევრი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული თუნდაც ამ ხელისუფლების მხრიდან, სახელმწიფო სტრუქტურების ერთიანმა გუნდურმა მუშაობამ მოიტანა საბოლოო ჯამში ეს შედეგი, რითაც შეუძლიათ ჩვენს მოქალაქეებს ისარგებლონ, თავისუფლად იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი. ამაზე უნდა ვიფიქროთ.

ძალიან ხშირად გვესმის, ხოლმე მაგალითად, სპეკულაციები იმ თემასთან დაკავშირებით, რაც არის მიგრაცია, ადამიანების წასვლა ევროკავშირის ქვეყნებში და ძალიან ხშირად რაღაც პოპულისტური პროპაგანდისთვის იყენებენ ამ თემას, რაც ძალიან არასწორია.

ჩვენ თუ ვსაუბრობთ ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ის პროცესი, რამაც უნდა მიგვიყვანოს ევროკავშირის ერთიან სივრცეში, საბოლოო წევრობამდე, თავისთავად გულისხმობს შრომის ბზარის გახსნასაც. ანუ, საქართველოს მოქალაქე რაღაც მომენტში თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის წევრ ქვეყანაში და შეზღუდვა აღარ ექნება მას იმისთვის, რომ სამსახური იშოვოს. უნდა ჩამოვყალიბდეთ ეს ახლა კარგია, თუ ცუდია? ამას უნდა ვებრძოლოთ, ხელი შევუწყოთ, თუ ზომიერად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგოს ის სამუშაო ძალა და რესურსი, რაც ქვეყანაში გვაქვს და მეორე მხრივ, ჩვენს მოქალაქეებს რაღაც ლეგალური შესაძლებლობები გაუჩნდეთ ევროკავშირის ქვეყნებში.

ჩვენ ჯერ კიდევ ორი წლის წინ გავაკეთეთ ამ თემაზე სამუშაო ჯგუფი, შევიმუშავეთ რეკომენდაციები და დღესაც დავაინიცირეთ, კიდევ გავაგრძელებთ მუშაობას. გახსნილია ეს საკითხი ყველას შეუძლია მოსვლა და მონაწილეობის მიღება, რათა სწორი პოლიტიკა შევიმუშაოთ და სწორი პოლიტიკა გვქონდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები არც აქ დაზიანდნენ და არც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მათი უფლებები იყოს ყველგან დაცული“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები