მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა – 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს

ჩემი პოლიტიკაში შემოსვლა სწორედ ფეხბურთს უკავშირდება. ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი Live“-ში განაცხადა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურა და ყველგან კორპუსები ჩადგა.

„არსებობს ფაქტები და სტატისტიკა. წინა ხელისუფლებამ 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურა, ყველგან კორპუსები ჩადგეს. ქალაქში ფიზიკურად არ არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება, რომ სრულყოფილი სტადიონი თუნდაც გამოისყიდო. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მოედანი იყოს.

დარწმუნებული ვარ, 26 მარტის მერე ფეხბურთზე მოსიარულე ბავშვების რაოდენობა გაათმაგდება. 2004 წლიდან 2014-წლამდე 11 ათასი რეგისტრირებული ფეხბურთელი იყო, დღეს 40 ათასამდეა ასული. ეს მაგალითია, თუ რა დღეში ჰყავდა მაშინ ხელისუფლებას ფეხბურთი. ბათუმში 30 ათასიანი სტადიონი ისე დაანგრიეს, საზოგადოებასაც არ ჰკითხეს და მერე წლები იძახდნენ, რომ ააშენებდნენ. ჩვენ რომ მოვედით ბათუმელებს არ სჯეროდათ რომ ჩვენ ამას გავაკეთებდით.

ირაკლი კობახიძე გათვითცნობიერებულია სპორტში. მან საქმიანობა სპორტული ჟურნალისტის ამპლუაში დაიწყო, მისი პირველი საქმიანობა იყო გაზეთი „11X11“. პირადად მე მითხრა, რომ თქვენს სტატიებს მე ვწერდი და ვთარგმნიდიო. მას ძალიან უყვარს ეს სპორტი. არ არსებობს რომ მამამისის შვილს სპორტი არ უყვარდეს. ამიტომ აბსოლუტურად სხვა ხედვა აქვს. ჩვენ გვინდა რომ სპორტული ერი ვიყოთ და ამის პოტენციალი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები