გიორგი მამარდაშვილი: ძალიან დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს, დღევანდელი გამარჯვება მათი დამსახურებაა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი საქართველო-საბერძნეთის მატჩის დასრულების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და ქართველ გულშემატკივარს მადლობას უხდის.

როგორც მამარდაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, დღევანდელი გამარჯვება სწორედ გულშემატკივრის დამსახურებაა.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს იმიტომ, რომ არა მარტო დღეს, არამედ მთელი ეს წელიწად-ნახევარი, ორი წელი რაც იყო, გვერდში გვიდგანან და გვამხნევებენ რაც შეუძლიათ. მათი დიდი დამსახურებაა დღეს რომ აქ ვართ და მიხარია მათთვის, რადგან ისინი გავაბედნიერეთ და გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ოცნება ამიხდა. მთლიანად თამაში ძალიან რთული იყო. ვიცოდით, რომ ფინალი იყო და ფინალი სულ არის დაძაბული. არ იცი რა მოხდება და მით უმეტეს ნაკრებში უფრო რთულია. დიდ წნეხს გრძნობ, პასუხისმგებლობას და ამიტომ რთული იყო. ემოციური თამაში იყო. მე და ბიჭებს გვინდოდა ეს ხალხი გაგვეხარებინა, რადგან იმსახურებენ ამას. გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ დავწერეთ ისტორია“, – აღნიშნა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები