სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გადამზიდავებისთვის შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გადამზიდავებისთვის შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათივე განმარტებით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ 18 მარტიდან შეზღუდული ტიპის ნებართვების სრულად გაცემის გადაწყვეტილება მიიღო და პროცესი მომსახურების ოფისებში დღემდე შეუფერხებლად მიმდინარეობს, ხოლო გავრცელებული ცნობა გარკვეული ჯგუფებისათვის დამატებითი სიების მიხედვით ნებართვების გადაცემასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება და გადამზიდავების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
„გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ იმ პროცესს, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
გაცნობებთ, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ 18 მარტიდან შეზღუდული ტიპის ნებართვების სრულად გაცემის გადაწყვეტილება მიიღო და პროცესი მომსახურეობის ოფისებში დღემდე შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებსაც 2023-2024 წლების განმავლობაში მიღებული აქვთ მესამე ქვეყნის (თურქეთი, რუსეთი, ყაზახეთი) ნებართვა, შესაძლებლობა აქვთ წინასწარ გაცხადებულ თარიღებში მიიღონ შესაბამისი ნებართვები.
აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ცნობას გარკვეული ჯგუფებისათვის დამატებითი სიების მიხედვით ნებართვების გადაცემასთან დაკავშირებით: ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და გადამზიდავების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
დაინტერესებულ პირებს მხოლოდ სააგენტოს მომსახურების ოფისებში გაკეთებული განაცხადების საფუძველზე შეუძლიათ ნებართვების მიღება.
ასევე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მიმდინარეობს მოკვლევა გადამზიდავების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ე.წ. „გადაყიდვების“ შესახებ და მოვუწოდებთ ყველა პირს, მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურს.
შეზღუდული ნებართვების გაცემა დაინტერესებულ პირთათვის ნებართვების რაციონალურად განაწილების პრინციპით სრულიად გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
სააგენტოს მომსახურეობის ოფისებში, საერთაშორისო გადაზიდვების ორმხრივი (იმპორტი/ექსპორტი) და ტრანზიტული ტიპის ნებართვების გაცემა დღემდე შეუზღუდავად მიმდინარეობს.
აგრეთვე, ბოლო პერიოდში პარტნიორ ქვეყნებთან წარმოებული მოლაპარაკებების საფუძველზე, გაცვლილი ნებართვების რაოდენობამ უპრეცედენტოდ მაქსიმალური ოდენობა შეადგინა“, – აღნიშნულია განცხადებაში.