„გლობალური პასუხისმგებლობა საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულს ხდის“

დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ათასწლეულის განვითარების მიზნებმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ათასწლეულის განვითარების მიზნების საქართველოს ეროვნული ანგარიშის” პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს, როდესაც მსოფლიო 2015 წლის ზღურბლთან იმყოფება, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ათასწლეულის განვითარების მიზნებს, რათა მეტი შედეგების მისაღწევად უკეთ გამოვიყენოთ ის მცირე დრო, რომელიც ათასწლეულის განვითარების მიზნების ვადის ამოწურვამდე დარჩა.
“მოგეხსენებათ, 2000 წელს, ახალი ათასწლეულის გარიჟრაჟზე, მსოფლიოს ლიდერები ძალიან კეთილშობილი და ამბიციური მიზნების გარშემო გაერთიანდნენ – ეს იყო მსოფლიოში სიღარიბისა და შიმშილის დაძლევა; უნივერსალური განათლება; ქალთა თანასწორობა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა – ეს ათასწლეულის განვითარების მიზნების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია. მაშინ ათასწლეულის სამიტმა მსოფლიო ისტორიაში ლიდერთა ყველაზე ფართობასშტაბიან შეკრებას უმასპინძლა და შედგა შეთანხმება, რომ ქვეყნები ძალ-ღონეს არ დაიშურებდნენ, რათა 2015 წლისათვის ეს მიზნები მიღწეული ყოფილიყო. ამ შეთანხმებას საქართველოც შეუერთდა, როგორც საერთაშორისო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი. დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ათასწლეულის განვითარების მიზნებმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ისინი ერთდროულად შეგვახსენებენ იმ პრივილეგიასაც და ტვირთსაც, რომელიც მსოფლიოს ყველა სამართლებრივი და ზნეობრივი უფლებებისა და მოვალეობების მატარებელ ხელისუფლებას აქვს. “ეს არის გლობალური პასუხისმგებლობა, რომელიც სცილდება კონკრეტული ქვეყნის საზღვრებს და საქართველოს მთავრობას არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების წინაშე, არამედ საერთაშორისო საზოგადოების წინაშეც ხდის ანგარიშვალდებულს. მაგრამ ათასწლეულის განვითარების 8 მიზანი საქართველოსათვის მარტო იმიტომ არ არის აქტუალური, რომ საქართველო, როგორც მოწინავე მსოფლიოს ნაწილი, უფრო აყვავებულ, განათლებულ და უსაფრთხო გარემოს ესწრაფვის. საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა სიღარიბის დაძლევის, საყოველთაო განათლების, მეტი თანასწორობის, ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემის, უსაფრთხო გარემოსა და გლობალური პარტნიორობის ჩამოყალიბების გზით საქართველოს მთავრობის უმთავრესი ამოცანაა. ეს ჩვენ 2014 წლის ივნისში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერითაც დავამტკიცეთ, როდესაც საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახა, რომ იზიარებს დემოკრატიის, ჰუმანურობის, ადამიანის ღირსებისა და თანასწორობის პრინციპებს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ უკანასკნელ ხანებში განხორციელებული ინიციატივები და რეფორმები სრულად ასახავს ამ სულისკვეთებას.
“ჩვენ მიერ შემოღებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სოციალური დაცვის სქემები და საკვების მიკროელემენტებით გამდიდრების პროგრამები, სკოლამდელი და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისათვის განხორციელებული რეფორმები, მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა და ინიციატივა “აწარმოე საქართველოში”, რომელიც მცირე და საშუალო ზომის მეწარმეობის სტიმულირებას ისახავს მიზნად, იმ რეფორმების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სწორედ ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევას ემსახურება”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები