ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენ გვყავს საამაყო ქართული სასამართლო – კეთილი ინებონ და პატივი სცენ მის დამოუკიდებლობას

„მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ გვყავს საამაყო ქართული სასამართლო. ამას არ ვამბობ შემთხვევით – ქართული სასამართლო. ქართული ინსტიტუცია, რომელიც გამართულად მუშაობს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არიან საქართველოს პატრიოტი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, მე, როგორც ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ჩვენი ხელისუფლება არ დავუშვებთ ვინმეს ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში. ეს არის დაუშვებელი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში, პარტიულ აქტივთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არა მარტო რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში პირველ ადგილზეა კანონის უზენაესობის მიხედვით.

“საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა არა მარტო რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში პირველ ადგილზეა კანონის უზენაესობის მიხედვით და ზოგადად, მართლმსაჯულების გამართული სისტემის მიხედვით. საერთოდ რაზე არის საუბარი. ზოგადად, ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ ვიყოთ და ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ უნდა მოიწვიოთ უცხოეთის მოქალაქეები, ჯერ ერთი მათი კეთილსინდისიერება ვინ შეამოწმა, თავმოყვარეობა არ გვაქვს ჩვენ, დამოუკიდებელ ერს, ამხელა ისტორიის ერს, რომ გარედან არ მოვიწვიოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ არ შეგვიმოწმონ ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება?! ყველა მოსამართლეს აქვს საკმარისი გამოცდილება, 20-30 წლიანი, ისინი არ მოსულან გუშინ და გუშინწინ. მე შევახსენებ ამ კრიტიკოსებს, რომ 2012 წელს რომ მოვედით ხელისუფლებაში, მათი პირდაპირი ინსტრუქცია და რეკომენდაცია იყო, რომ არ შეეხოთ სასამართლოს. მაშინ მოსამართლეებმა თავად აირჩიეს ეს ადამიანები. ჩვენ აბსოლუტურად არ გავრეულვართ სასამართლო სისტემაში. დღემდე 300-მდე მოსამართლე თავად წყვეტს საკუთარი სისტემის ბედს, თავად მართავენ სისტემას და ჩვენ არავითარი ჩარევა არ გვაქვს. კეთილი ინებონ და პატივი სცენ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები