ლევან მურუსიძე: მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე – ცდილობენ სასამართლო დაიქვემდებარონ
“მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე. წლების განმავლობაში მიდის სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია. ვინც გამოდის და ვინც იძახის, რომ ქვეყანას არ აქვს სასამართლო სისტემა, ზუსტად ის ადამიანები ცდილობენ, რომ დაიქვემდებარონ სასამართლო”, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა.
მურუსიძემ ე.წ. ვეტინგის შესახებ ისაუბრა.
„ვეტინგთან“ დაკავშირებით შემიძლია, გითხრათ, რომ ზოგადად, როდესაც რაიმე ცუდი უნდა განხორციელდეს, ყოველთვის წინა პლანზე წამოწევენ ხოლმე კეთილშობილურ მიზანს. მოცემულ შემთხვევაში საუბრობენ კეთილსინდისიერებაზე. „ვეტინგთან“ დაკავშირებით, რაც ჩვენ პრაქტიკა გვაქვს ალბანეთში, უკრაინასა და მოლდოვაში, იქ მოსამართლეების შემოწმება არ ხდება კეთილსინდისიერების მიხედვით, რასაც პრაქტიკა გვაჩვენებს. რეალურად მოხდა ფაქტობრივად სპეცოპერაცია და სასამართლოს დაქვემდებარება კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ. მაგალითად, ალბანეთში ცნობილია, რომ თვითონ ამერიკელი სენატორები აყენებდნენ საკითხს, რომ ამერიკელი მოქალაქეების გადასახადი მენეჯმენტის მიერ გამოიყენება არაკეთილსინდისიერად და იქ არ ხდება მოსამართლეების შემოწმება კეთილსინდისიერების მოტივით, არამედ სურთ, სასამართლო სისტემა დაუქვემდებარონ მოქმედ პარტიას.
მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე. წლების განმავლობაში მიდის სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია. მიდის პირდაპირ მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია. ქმნიდნენ ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაყრა. ვინც გამოდის და ვინც იძახის, რომ ქვეყანას არ აქვს სასამართლო სისტემა და ესენი არიან კორუმპირებულები, სპეციალურად რომ ქმნიან ამ აჟიოტაჟს და ამ საფუძველს, ზუსტად ის ადამიანები ცდილობენ, რომ დაიქვემდებარონ სასამართლო”, – აცხადებს მურუსიძე.