ილია დარჩიაშვილი: ბევრი ტყუილი და უსამართლო შეფასება მოვისმინეთ, თითქოს, გარკვეულ პირებს უარი უთხრეს რეგისტრაციასა და საკონსულო აღრიცხვაზე; ეს არის სრული ტყუილი, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია
დარჩიაშვილის თქმით, მოსმენისას მან ბევრი ტყუილი და უსამართლო შეფასება მოისმინა, თითქოს, გარკვეულ პირებს უარი უთხრეს რეგისტრაციასა და საკონსულო აღრიცხვაზე აყვანაზე.
„ეს არის სრული ტყუილი, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია. ეს ინფორმაცია არანაირ ფაქტს არ ეფუძნება“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიპლომატიური სტატუსის მქონე წარმომადგენლობის გახსნა ნებისმიერ ქალაქშია შესაძლებელი, წარმოადგენს „მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და სრულიად უსაფუძვლო ნარატივს, რომლის მსგავსი პრაქტიკაც არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს“.
როგორც მინისტრმა დასძინა, მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან წამოსული ზედაპირული ბრალდებებისა და ტყუილისა, დღევანდელი განხილვა მაინც სასარგებლო იქნება საზღვარგარეთ დროებით მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„დღევანდელი მოსმენა მათ შეახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მათგანმა გამოხატოს კონსტიტუციური უფლება და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
პარლამენტში გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საზღვარგარეთ გახსნილი დიპლომატიური წარმომადგენლობების შესახებაც გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საზღვარგარეთ დაახლოებით 15-მდე ახალი საელჩო თუ გენერალური საკონსულო გაიხსნა, ეს ნიშნავს რომ ჩვენ მოწოდებული ვართ, დადგენილი წესებით, კონვენციების შესაბამისად და მთავარი საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, გავხსნათ საარჩევნო უბნები იქ, სადაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია ჩვენი მოქალაქეების კონცენტრაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დღეს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს. დარჩიაშვილი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს.