პაველ ჰერჩინსკი: დრო იწურება და საჭიროა პროგრესის მიღწევა, საგზაო რუკა ძალიან მკაფიოა – 9 ნაბიჯი, ჩვენ უნდა დავსხდეთ ერთად და უზრუნველვყოთ, რომ არ გაიფლანგოს დრო
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს , რომ რომ საკმარისი პროგრესის მიღწევა მოხდება იმისთვის, რომ საქართველომ ასევე გადაინაცვლოს შემდეგ ეტაპზე, რომელიც არის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა.
„ბრიუსელში გუშინ და დღეს მიმდინარეობს ევროპული საბჭოს სხდომა, ევროკავშირის 27 ლიდერის შეხვედრა. დღის წესრიგი ძალიან დატვირთულია. მათ განიხილეს ბევრი სხვადასხვა საკითხი, მათ შორის გაფართოება. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი საშინაო დავალება ევროკავშირის შიგნით გრძელდება. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით გაფართოების საკითხს, სერიოზულად ვეკითხებით ახალი წევრების მიწვევას. ლიდერებმა დაავალეს ევროკომისიას, რომ მოამზადოს ნიადაგი დიდი გაფართოებისთვის, ასე რომ, მუშაობა გრძელდება. მეორე მხრივ, ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირს შეუერთდეს, რომ დააჩქაროს მზადება. ძალიან კარგი ამბავია უკრაინისა და მოლდოვისთვის, ბრწყინვალე ამბავია ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, რადგან ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გახსნან გაწევრიანების მოლაპარაკებები. ლიდერებმა მოუწოდეს საქართველოს, გააძლიეროს რეფორმები, განახორციელოს 9 ნაბიჯი. ჯერ კიდევ არის დრო და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საკმარისი პროგრესის მიღწევა მოხდება იმისთვის, რომ საქართველომ ასევე გადაინაცვლოს შემდეგ ეტაპზე, რომელიც არის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, მაგრამ ეს მოითხოვს სერიოზულ მუშაობას. დრო იწურება და საჭიროა პროგრესის მიღწევა. საგზაო რუკა ძალიან მკაფიოა – 9 ნაბიჯი. ჩვენ უნდა დავსხდეთ ერთად და უზრუნველვყოთ, რომ არ გაიფლანგოს დრო და რომ მომავალ რამდენიმე თვეში გვქონდეს საკმარისი პროგრესი ისე, რომ შემდგომ ეტაპზე გადანაცვლება შევძლოთ“, – აღნიშნა ელჩმა.