დაჩი ბერაია – გიორგი ვაშაძეს: რამდენს გიხდიან ქვეყნის ღალატისთვის, თუ უფასოდ ღალატობ?
შენ ხარ ტიპური, კლასიკური მოღალატე, ნაძირალა, არაკაცი, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დაჩი ბერაიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ, როდესაც ვაშაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენის ფარგლებში, სიტყვით გამოდიოდა.
სიტყვიერი დაპირისპირება ვაშაძის იმ გამოსვლას მოჰყვა, სადაც მან ქართველი ემიგრანტების პრობლემებზე ისაუბრა.
„რამდენს ლაპარაკობს ეს მოღალატე. ვერ ხვდები, რომ მოღალატე ხარ? რამდენს გიხდიან ქვეყნის ღალატისთვის, თუ უფასოდ ღალატობ? შენ ხარ ტიპური კლასიკური მოღალატე, ნაძირალა, არაკაცი“, – მიმართა ადგილიდან დაჩი ბერაიამ გიორგი ვაშაძეს.
ვაშაძის ინფორმაციით, ემიგრანტებს საკონსულო აღრიცხვაზე აყვანასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. გიორგი ვაშაძემ მინისტრს, ილია დარჩიაშვილს კითხვით მიმართა, თუ რატომ არ აჰყავს ემიგრაციაში მყოფი ემიგრანტები საკონსულო აღრიცხვაზე, რის საპასუხოდაც დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია აღშფოთდა და ვაშაძეს მოღალატე უწოდა.
ანალოგიური შეფასებები ვაშაძის მისამართით „ხალხის ძალის“ სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს. ასევე, სიტყვიერ დაპირისპირებაში უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ჩაერთო.