ირაკლი ქადაგიშვილი: ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში მივიდნენ იმ დონემდე, რომ ღიად თქვეს უარი ევრონესტზე ინიცირებულ რეზოლუციაზე
ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში, რომელიც ოპოზიციას მიაჩნდა, რომ იყო მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონირება, მივიდნენ იმ დონემდე, რომ იძულებული გახდნენ, ღიად ეთქვათ უარი ევრონესტზე ინიცირებული რეზოლუციისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ეს იცის იმან, როდესაც შენი პოლიტიკა აგებულია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ რაც მეტად დავაზიანებ ხელისუფლებას და რაც უფრო დაზიანებული იქნება ქვეყანა, აღიქმება ეს ხელისუფლების ნაკლად და ეს გამიხსნის მე გზას ხელისუფლებისკენ. აი, იმ ორმოში თავად ჩავარდნენ, რომელსაც სხვას უთხრიდნენ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ევრონესტზე წარდგენილ რეზოლუციაზე, რომელიც სამი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ითვალისწინებდა, ქართული ოპოზიცია ინფორმირებული იყო.
„უკრაინულმა მხარემ და ე.წ. ქართულმა ოპოზიციამ გარედან მიიღეს ინსტრუქცია, რომ არავითარ შემთხვევაში ხელი არ მოეწერათ და არ დაეჭირათ მხარი რეზოლუციისთვის. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ, რომ ესენი უკვე გარკვეულწილად „უსამშობლო პროექტის“ ადამიანები არიან. იმ პროექტმა ჩათვალა, რომ საქართველოსთან ერთად ევროპის სივრცეში ამ სამი ქვეყნის ერთად დაფიქსირება, ერთი ინტერესის გამოხატვა და პოლიტიკური სპექტრის ერთად წარდგომა ევროპის წინაშე მათი პროექტისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნებოდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.