მამუკა მდინარაძე: ჩვენ უნდა განვასხვავოთ უფლებები და, მეორე მხრივ, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა გავილაშქროთ, ისევე, როგორც ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ დაზღვევა გავაკეთეთ 2017 წელს

2017 წელს ისმებოდა კითხვა, საიდან მოგვაფიქრდა, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაგვეწერა, ის, რომ ოჯახი იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, ოჯახის შექმნის მიზნით, ამაზე ჩვენ სასტიკად გვაკრიტიკებდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვა ანტიპროპაგანდისტულ კანონპროექტს ეხებოდა.

„დღეს რომ ხაზარაძის პარტიის წარმომადგენლები არიან, მათ შორის, მათი მხრიდანაც იყო საშინელი კრიტიკა ჩვენი მისამართით და მათი აზრით, ეს ანტიდასავლური ქმედება იყო. დღესაც ჩვენ ვაცხადებთ, როგორც 2017 წელს, ვიქცევით სწორად, რადგან გამოწვევა კიდევ უფრო იჩენს თავს. მაშინ, როდესაც ცივილიზებულ სამყაროში, ჩვენს მეგობარ ქვეყნებშიც კი შეაღწია თემამ, რომ დედას და მამას დედა და მამა არ უნდა დავუძახოთ, ამაზე ცუდი რა შეიძლება მოხდეს და ამის დაზღვევა თუ პრობლემაა, ვიმსჯელოთ. დავდოთ კანონპროექტი და ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ. დედას და მამას დედა და მამა რომ არ უნდა დავუძახოთ და დავუძახოთ მხოლოდ მშობელი, ეს ნარატივი რომ შემოვიდოდა და რომის პაპსაც კი განცხადებების კეთება მოუწია, ეს თუ არააქტუალური თემაა, მაშინ ჩვენ მტყუანები ვყოფილვართ. როდესაც ჩვენ ვხედავთ ინტერნეტ და სატელევიზიო სივრცეში უამრავ პროპაგანდისტულ გზავნილებს – მაგალითად, ტრანსგენდერი ქალები რომ მიჰყავთ ბაღებში და როგორც წარმატების მაგალითებს, ისე წარმოუჩენენ და ბედნიერებაში რაშია, ამ მაგალითზე დაყრდნობით ელაპარაკებიან, ეს არის პრობლემა, თორემ როგორც კი ჩვენ შევეხებით არატრადიციული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების ცხოვრების წესს, მათ უფლებებს, მაშინ დავაშავებთ და შევცოდავთ ძალიან მაგრად. ჩვენ უნდა განვასხვაოთ უფლებები, სადაც უნდა განვამტკიცოთ უფლებების დაცვის ხარისხი და მეორე მხრივ, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა გავილაშქროთ, ისევე როგორც ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ დაზღვევა გავაკეთეთ 2017 წელს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ანტიპროპაგანდისტული კანონპროექტი პარლამენტს, სავარაუდოდ, ორშაბათს წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები