მამუკა მდინარაძე – „ენჯეოების“ დაფინანსებაზე: კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა ფინანსები
,,შარშან პირობით დათქმასავით იყო – ჩვენ ვთქვით, რომ კანონს არ მივუბრუნდებით, მათ კი თქვეს, რომ ფინანსები აბსოლუტურად გამჭვირვალეა და კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნება. ჩვენ კანონს არ მივუბრუნდით და რა ხდება იქით მხარეს? კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა ფინანსები, კიდევ უფრო არ ვიცით, სად მიდის ეს თანხები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ,,ენჯეოების” დაფინანსების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათი ფინანსების უდიდესი ნაწილი არის „შავი“.
„მაგალითად, ტაივანი, კლასიკური მაგალითი – ვიცით, რომ მიდის სადღაც ხიდაშელთან თუ უსუფაშვილთან, რაში მიდის, უბრალოდ ვარაუდი შეგვიძლია – ისინი რომ ანტიჩინურ კამპანიას აწარმოებენ, იმაში. მტკიცებულებების დონეზე, რომელ კამპანიაში კონკრეტულად რა მიმართულებით რამდენს იღებენ, რა პროექტები ფინანსდება, ხომ არ ვიცით.
ის ორგანიზაციებიც კი, რომლებიც ყველაზე მდიდრები არიან და რომელთა ფინანსებიც აბსოლუტურად გაუმჭვირვალე, მათაც კი აქვთ ცალკეული ძალიან კარგი პროექტები. დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, სხვადასხვა მიმართულებით კარგი პროექტებია. ეს რატომ ვიცით, იცით? როდესაც კარგ საქმეს აკეთებენ, ამას გამჭვირვალეს ხდიან ხოლმე. როდესაც ქართულს, ეროვნულს არ ეწინააღმდეგება, ადამიანების განვითარებაზე, დატრენინგებაზე, დემოკრატიის ხარისხის განვითარებაზე, უფლებების ხარისხის გაძლიერებაზე მიდის საუბარი, აქ არაფერს ერიდებიან და ახმოვანებენ, მაგრამ მათი ფინანსების უდიდესი ნაწილი არის „შავი“, იმიტომ რომ „თეთრად“ რაც ჩანს – რაც აწყობთ, იმას „აპიარებენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.