გივი მიქანაძე: ქართველმა დეპუტატებმა რეზოლუციას ხელი არ მოაწერეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ საკუთარი ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ

“მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ოპოზიციამ თავისი სამარცხვინო საქციელი ისრებით ისევ მმართველ პარტიაზე გადაიტანოს და როგორმე ის მძიმე მდგომარეობა აიცილოს, რომელშიც ისინი გუშინ ჩავარდნენ, როცა რეზოლუციის პროექტს არ დაუჭირეს მხარი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ეხებოდა, ქვეყნის ევროინტეგრაციას და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია სამარცხვინო ლაქას ვერასდროს ჩამოირეცხავს.

„ამ სამარცხვინო ლაქას ვერასოდეს ჩამოირეცხენ. რაც შეეხება ევროპარლამენტარებთან კომუნიკაციას, მათთან დიალოგი იყო, რომ მსგავსი რეზოლუცია მხარდაჭერილი იქნებოდა, თუ ის დაინიცირდებოდა. პოზიციონირება იყო, რომ უნდა მომხდარიყო ასოცირებული ტრიოს წევრების მიერ ამ რეზოლუციის დაინიცირება. მოლდოვის დელეგაციამ ინიციატივას ხელი მოაწერა, უკრაინელებმა თავი შეიკავეს. ჩვენი მეგობრული განწყობის საპასუხოდ მათი მხრიდან ასეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ისინი უნისონში მოქმედებდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად. ქართველმა დეპუტატებმა რეზოლუციას ხელი არ მოაწერეს, რაც იმას ნიშნავს, მათ საკუთარი ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ. რატომ არ მოაწერეს ტექსტს ხელი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია? საბოლოოდ ნიღაბი ჩამოიხსნეს და თქვეს, მათი ინტერესი რა არის“, – განაცხადა მიქანაძემ.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდის წევრის, მაკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, „ევრონესტის“ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია ვერ დაინიცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები