მაია ბითაძე: საბოლოოდ, ევრონესტის ამ მოწვევის შემაჯამებელი სესია წარმატებული იყო
“საბოლოოდ, ევრონესტის ამ მოწვევის შემაჯამებელი სესია წარმატებული იყო. მიღებული იყო მნიშვნელოვანი რეზოლუციები, მათ შორის, საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი ყველა შენიშვნა იყო გათვალისწინებული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა, რომელიც საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ესწრება.
მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ ის მტკიცე მხარდაჭერა, რაც ევრონესტის რეზოლუციებში დაფიქსირდა, უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების დაწყების, ასევე, საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის კუთხით, არის მტკიცედ მხარდაჭერილი.
„მნიშვნელოვანი რეზოლუციები იყო მიღებული, მათ შორის, საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი ყველა შენიშვნა სამ რეზოლუციაში. ჩვენ წარდგენილი გვქონდა 7 შენიშვნა, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს ევროინტეგრაციასა და დეოკუპაციასთან და ყველა გათვალისწინებული იყო ევროპარლამენტარების მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოოდ, ევრონესტის ამ მოწვევის შემაჯამებელი სესია წარმატებული იყო. ყველა მნიშვნელოვანი გზავნილი და მიმართულება, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მოლაპარაკებების გახსნისთვის და საერთაშორისო მხარდაჭერისთვის დეოკუპაციასთან მიმართებით, ასახული იყო იმ რეზოლუციებში, რომლებსაც „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა მხარი.
უმნიშვნელოვანესია, რომ ის მტკიცე მხარდაჭერა, რაც ევრონესტის რეზოლუციებში დაფიქსირდა, უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების დაწყების, ასევე, საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის კუთხით, არის მტკიცედ მხარდაჭერილი. გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბითაძემ.