ეკა სეფაშვილი – „ნაცმოძრაობაზე“: მათ უნდა გადაიხადონ პოლიტიკური ფასი ყველაფრისთვის, უნდა გასამართლდნენ

2020 წლის შემდეგ მათ თავიანთი თავის დისკრედიტაცია იმდენად მოახდინეს (და ამაში ლომის წვლილი ჩვენც მიგვიძღვის, როდესაც ისინი ძალიან ბევრ დანაშაულში ვამხილეთ), ამ გამუდმებული ტყუილის, დეზინფორმაციისა და მავნებლობის შედეგად, დღეს სხვადასხვა კვლევით ჩანს, რომ მათი მხარდამჭერების რიცხვი დაახლოებით 18%-ია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია და მათ უნდა გადაიხადონ პოლიტიკური ფასი ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინეს.

„პოლიტიკური ვერდიქტს მათ ქართველი ხალხი აუცილებლად გამოუტანს, თუმცა საჭიროა ამისთვის ინფორმირებული საზოგადოება. ევროპულ თანამედროვე დემოკრატიებში არის ახალი ტენდენცია, რომ დემოკრატია და დემოკრატიული არჩევანი არ ნიშნავს იმას, რომ ხალხმა ბრმად აირჩიოს ესა თუ ის მიმდინარეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალური ინფორმაცია და ამის შემდეგ გადაწყვიტოს. ჩვენ თუ დაწვრილებით არ მოვუყევით საზოგადოებას მათი დანაშაულების, ღალატის და დაუსრულებელი მავნებლობის შესახებ, რა თქმა უნდა, მათ გაუჭირდებათ. აუცილებლად საჭიროა საგამოძიებო კომისიის შექმნა და მათ უნდა გადაიხადონ პოლიტიკური ფასი ყველაფრისთვის, რადგან ეს არის რეჟიმი, რომელმაც ჩამოაყალიბა სისტემური დანაშაულებრივი მიდგომები თითქმის ყველა საკითხზე. ეს რეჟიმი უნდა გასამართლდეს, რათა მოსახლეობის კითხვებს პასუხი გაეცეს. ამის გარეშე შეუძლებელია ვილაპარაკოთ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან, შეუძლებელია ვისაუბროთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე რადგან, ეს არ ნიშნავს მარტო ფიზიკურად ტერიტორიების შემოერთებას, ეს ასევე მოიცავს ნდობის, დიალოგის და ურთიერთობის საკითხებს. თუ ჩვენ გვინდა, რომ რეალურად დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, ძმები და დები, აუცილებლად უნდა გაეცეს ამ კითხვაზე ყველა პასუხი სამართლიანად“, – განაცხადა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები