არჩევნების შემდეგ აუცილებლად დადგება მშვიდ რეჟიმში „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების პროცესი, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ამ შემთხვევაში პროცესი დაჩქარდება და „ნაცმოძრაობის“ წევრების გასამართლების პროცესი არჩევნებამდე დაიწყება.
„ნაციონალურ მოძრაობაზე“ მკაფიოდ ვთქვით – არჩევნების შემდეგ აუცილებლად დადგება მშვიდ რეჟიმში მათი გასამართლების პროცესი. ახალგაზრდები არიან, ვისაც სურვილი აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გახდნენ, თმები ყალყზე დაუდგებათ რას ჩადიოდა ეს ხალხი. ოჯახის წევრები როგორ გაუშვებენ ამ ორგანიზაციის წევრი გახდეს რომელიმე ახალგაზრდა, ისეთები აქვთ ჩადენილი, ფაშისტებს აქვთ იგივე გაკეთებული და იმაზე უარესი აქვთ გაკეთებული „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი ქვეყნის და საკუთარი მოქალაქეების წინაშე. თუ სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ვამხილეთ, ამ ჯგუფებთან არის მიტმასნილი და სწორედ იქიდან იმართება, „არა და არასოდეს“ შეცვალა და დისკუსიაში შევიდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და დროს ელოდება ან გარემოს, რომ იქნებ როგორმე მოხდეს და მას მეტი ლეგიტიმაცია მიეცეს, რომ შეიწყალოს სააკაშვილი, აი ამას თუ გააკეთებს, ჩვენ ვეცდებით, რომ დავიწყოთ არჩევნებამდე მათი გასამართლება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.