ანა ბუჩუკური: „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ გარდა, მხოლოდ ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც შემდეგ პარლამენტში იქნება წარმოდგენილი
დღევანდელი მოცემულობით, „ნაცმოძრაობის“ და „ოცნების“ გარდა, მხოლოდ ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც შემდეგ პარლამენტში იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ „ნაცმოძრაობა“ წითელი ხაზია და მათთვის არც „ქართული ოცნების“ დღევანდელი პოლიტიკა არ არის მისაღები.
„ძირითადად, ჩვენ გვისვამენ ჟურნალისტები ამ კითხვას: ვისთან შექმნით კოალიციას არჩევნების შემდეგ – „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თუ „ოცნებასთან“ და მარტივად ვხვდები რატომ: ჩვენ იმიტომ გვეკითხებიან, რომ დღევანდელი მოცემულობით, „ნაცმოძრაობის“ და „ოცნების“ გარდა (თუმცა, „ნაცმოძრაობა“ ისეთ დღეშია, რა ეშველებათ, არ ვიცი), მხოლოდ ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც შემდეგ პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. დღევანდელი მოცემულობით, ჩვენი გუნდია მზარდი, ორნიშნა მხარდაჭერით, დანარჩენი, ბუნებრივია, გამოჩნდება. ჩვენ ვიზრდებით და ვძლიერდებით. ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალურ კვლევაში ასეა – როგორც ჩვენს კვლევაში, ისე სხვების მიერ ჩატარებულ კვლევებში.
ის, რომ „ნაცმოძრაობა“ არის წითელი ხაზი, ეს არ გადაიხედება. დღევანდელ „ოცნებას“ რაც შეეხება – რომ არ ყოფილიყო მათი პოლიტიკა პრობლემა, მე პირადადაც არ წამოვიდოდი „ოცნებიდან“, მე მრავალი წლის განმავლობაში „ოცნების“ მხარდამჭერი ვიყავი“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.