“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე”: საწვავზე ფასის გაძვირების რაიმე საფუძველი არ არსებობს

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, საწვავზე ფასის გაძვირების რაიმე საფუძველი არ არსებობს. საწვავის ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ იობაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის აკრძალვას საქართველოში ფასებზე გავლენა ვერ ექნება.

“ითქვა, რომ შეიძლება, ფასი 20 თეთრით გაიზარდოსო, ამას ვერ დავეთანხმები, 20 თეთრით ვერ გაიზრდება. დღეს ამის არანაირი საფუძველი არ გვაქვს. რუსეთმა გააკეთა ის, რაც გააკეთა. ჩვენ რუსეთი დიდი “დისქაუნთით” ფასს აღარ გვაძლევდა. როგორც შარშან იყო, იმ ფასით აღარ გვაძლევდა. რუსეთი პლაცს მინუსით გვაძლევდა. უკვე იგივე ფასია, ევროპისა და რუსული პროდუქტის ფასები გათანაბრებულია. აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, ფასის გაძვირების რაიმე საფუძველი არ არსებობს. ფასის გაძვირება მსოფლიო სანავთობო ბაზრებზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ, ყოველდღე ოპეკის ქვეყნებში პლაცის ღირებულების ყოველდღიური კონტროლი და შეცვლა ხდება, თუ პოლიტიკურმა გავლენამ მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე არ იმოქმედა, ჩვენ დღეისთვის არაფერი გვემუქრება”, – განაცხადა იობაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს სანავთობო ბაზარი სტაბილურია.

“არც დეფიციტი გვემუქრება. შეგვიძლია, წყნარად ვიყოთ. საქართველოს სანავთობო ბაზარი დღესდღეობით სტაბილურია. სტაბილურობა გაგრძელდება მანამ, სანამ მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე რაიმე ისეთი არ მოხდება. რუსეთის გავლენა არ იმოქმედებს, იმიტომ, რომ ფასები ფაქტობრივად, გაწონასწორებულია. რუსეთს ერთი პლუსი ჰქონდა, ქართული კომპანიებისთვის ტრანსპორტირება ბევრად მისაღები იყო. გარდაბანში ვაგონებით მოდიოდა და პროდუქტს არც გადატვირთვა, არც რაიმე დამატებითი ხარჯები აღარ სჭირდებოდა. ყველა კომპანიას გარდაბნიდან მიჰქონდა იქ, რომელ ტერმინალშიც უნდოდა. ბოლო თვეებში ფასები, ფაქტობრივად, გათანაბრებული იყო.
ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, შეიძლება, დეფიციტი შეგვექმნასო. დეფიციტი არასდროს შექმნილა და არასდროს შეიქმნება, რადგან კარგი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს. თუ გვინდა მატარებლით, თუ გვინდა, გემებით მოვიტანთ. პრობლემა არ არის”,- განაცხადა იობაშვილმა.

მანვე განმარტა, რომელი ქვეყნებიდან შემოდის საწვავი საქართველოში.

“კონკრეტული ქვეყნებია: რუმინეთი, “რომპეტროლი”, ბულგარეთი, თურქმენეთი,აზერბაიჯანი. აზერბაიჯანიდან დიზელის საწვავი შემოგვაქვს, ბენზინი ვერ მოგვაქვს, რადგან “ევრო 5-ს” ვერ პასუხობს, ასევე საბერძნეთიდან შემოგვაქვს. ყველა იმ ქვეყნიდან მოვიტანთ, საიდანაც იაფი დაგვიჯდება. მარტივი მიდგომაა. მთავარი თემა ისიცაა, რომ ხარისხს უნდა პასუხობდეს. მოგეხსენებათ, საწვავზე “ევრო 5-ის” სტანდარტი გვაქვს, ამაზე დაბალი ხარისხის შემოტანის უფლება არ გვაქვს”, – განაცხადა იობაშვილმა.

იობაშვილი “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის” მიერ საწვავის ხარისხის შემოწმებას და  გამოვლენილ დარღვევებსაც გამოეხმაურა.

“იყო ეს თემა (როცა საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა). მათ კომპანიები არ დაასახელეს. მოვითხოვდი, რომ დაესახელებინათ, რათა მომხმარებელმა იცოდეს. ეს კრიმინალია. აგიხსნით, რატომ: გაბევრება ხდება, შემოტანილი საწვავი ცუდი ნივთიერებით გააბევრეს, სახელმწიფოს შემოსავლები დაუმალეს, მომხმარებლები მოატყუეს. პასუხი უნდა აგონ. გაგიჩნდებათ კითხვა – რას ურევენ? ესაა ქიმიური ნივთიერებები, ჩინეთიდან შემოტანილი ქიმიური ფხვნილი, ცუდი ბენზინი, ჩვენთან “რეგულარი 92″ ტიპის საწვავზე დაბალი კატეგორიის შემოტანა და რეალიზაცია აკრძალულია. სომხეთში, აზერბაიჯანში აკრძალული არაა. კაპიკებში იყიდა და შემოიტანა. თუ ამას სახელმწიფომ ხელი არ შეუშალა, სავალალო სიტუაციამდე მივალთ. რა არის სავალალო სიტუაცია? გაბევრება, 5 ტონის ნაცვლად 10 ტონას ყიდის და სახელმწიფოს შემოსავალს უმალავს. რა მინდა, გითხრათ, დიდი ბრენდირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულები არიან. რომელი კომპანია გაბედავს პარლამენტს იქნება თუ მთავრობას, ცუდი საწვავი მისცეს? იმიტომ, რომ ისინი ტენდერში გამარჯვებულები არიან. ნაკლებადკონტროლირებადები რომ იყვნენ, ეს იმათმა გაბედეს”, – განაცხადა იობაშვილმა.

შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია დეპარტამენტმა იანვრის ბოლოს გაავრცელა.

“ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია დიზელის საწვავის 80 და საავტომობილო ბენზინის 20 ერთეული სინჯი.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დარღვევა გამოვლინდა 28 სინჯში. საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის 25 და ბენზინის 3 სინჯში. მათგან 12 ნიმუშში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, 10 სინჯში დაფიქსირდა დახურულ ტიგელში აფეთქების ტემპერატურის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა. რიგ შემთხვევაში, ერთდროულად იყო დარღვეული რამდენიმე პარამეტრი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმები შეადგინეს. ჯარიმების ოდენობა, ჯამში, 2 მილიონ ლარზე მეტია. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა” – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები