ჩინეთი მნიშვნელოვნად უსწრებს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავებაში, რომელსაც ბირთვული ქობინის ტარება შეუძლია.
ამის შესახებ “ამერიკის ხმა” პენტაგონის სადაზვერვო სააგენტოს ერთ-ერთ ექსპერტზე დაყრდნობით წერს.
კონგრესში მოსმენების დროს, პენტაგონის სადაზვერვო სააგენტოს წამყვანმა მეცნიერმა – პოლ ფრეისლერმა თქვა, რომ ჩინეთმა დააგროვა ჰიპერბგერითი იარაღის უდიდესი არსენალი, რომელსაც შეუძლია როგორც ბირთვული, ასევე, ჩვეულებრივი ქობინების ტარება.
მისი თქმით, ყველაზე ეფექტურია DF-17 რაკეტა, რომელიც ექსპლუატაციაში 2020 წელს შევიდა. მას შეუძლია ობიექტების განადგურება 1600 კილომეტრამდე მანძილზე. 2021 წელს, ტესტირების დროს ამ რაკეტამ ჰიპერბგერითი ქობინით მთელი მსოფლიო შემოიფრინა.
პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთს აქვს სამი ტიპის ჰიპერბგერითი იარაღი, რომელიც უკვე გამოიყენეს უკრაინაზე დარტყმისთვის.
ფრეისლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა უკვე ჩაატარეს ჰიპერბგერითი იარაღის არაერთი წარმატებული ტესტირება და არმიას გადასცეს. ამავდროულად, პეკინი უსწრებს მოსკოვს, როგორც ასეთი სისტემების რაოდენობით, ასევე, მათი უზრუნველსაყოფად საჭირო ინფრასტრუქტურით.
მან აღნიშნა, რომ ჩინეთი ამ ტიპის იარაღს, ბოლო ოცი წლის განმავლობაში აქტიურად იკვლევდა, ქმნიდა და ცდიდა.
ჩინეთი 2014 წლიდან ამოწმებს კონტინენტთაშორის რაკეტებს ჰიპერბგერითი მართვადი ქობინით და მუშაობს ჰიპერბგერით ძრავებზე.