გიორგი კახიანი: ნიკა გვარამია იქნება თუ ნიკა მელია, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე თუ სხვები, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები
საზოგადოებამ კარგად იცის „ნაციონალური მოძრაობის” წევრების წარსული და, შესაბამისად, მათ პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ გაერთიანებებს არც 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა აქვთ და არც რაიმე პოლიტიკური პერსპექტივა ექნებათ.
„პოლიტიკური პარტიები იქმნება, რომლებიც თავის თავს ისე წარმოაჩენენ, თითქოს, არ არიან „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი. სინამდვილეში, ნიკა გვარამია იქნება თუ ნიკა მელია, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე თუ სხვები, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. გვარამიასა და მელიას გაერთიანება ერთ მიზანს ემსახურება – იქნებ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, „ნაცმოძრაობისგან” დისტანცირდნენ და რამენაირად 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოახერხონ, მაგრამ საზოგადოებამ კარგად იცის ერთის და მეორის წარსული. შესაბამისად, მათ პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს. ასეთ გაერთიანებებს არც 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა აქვთ და არც რაიმე პოლიტიკური პერსპექტივა ექნებათ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.