მაკა ბოჭორიშვილი: ადეიშვილის გაიგივება ევროპულ ფასეულობებთან ნამდვილად არ გაამყარებს ევროპულ სულისკვეთებას ჩვენს ქვეყანაში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყოფილი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის გაიგივება ევროპულ ფასეულობებთან საქართველოში ევროპულ სულისკვეთებას არ გაამყარებს.
„ადამიანები, რომლებიც იყვნენ შემოქმედი იმ რეჟიმის, რა რეჟიმიც იყო საქართველოში, რომელიც ტოტალურად არღვევდა ადამიანის უფლებებს და იყო მიმართული ჩაგვრისკენ, ასეთი რეჟიმის შემოქმედები როდესაც დღეს დემოკრატიის საფარქვეშ მართავენ შეხვედრებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ბუნებრივია, იწვევს ჩვენს შეშფოთებას. გარდა ამისა, საქმე ეხება ინფორმაციას თუ დეზინფორმაციას და შემდეგ უკვე საქართველოში ევროპულ თუ ანტიევროპულ განწყობებს. დღეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, 85 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იზიარებს ევროპულ ფასეულობებს. ჩვენთვის ეს არის ძვირფასი, სწორედ ამას უნდა გავუფრთხილდეთ. ადეიშვილის გაიგივება ევროპულ ფასეულობებთან ნამდვილად არ გაამყარებს ევროპულ სულისკვეთებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: “უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ”.